გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს მარიამ მაგდალინელის დღესასწაული მიულოცა და საკვირაო ქადაგებისას დედის როლზე ისაუბრა. ილია მეორემ აღნიშნა, რომ “ სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა, მრავალი შემთხვევაა, როდესაც დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა”- განაცხადა ილია მეორემ
პატრიარქის საკვირაო ქადაგების ამ ნაწილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიამკვლევარი ნინო დანელია გამოეხმაურა.
“პარასკევს სამსახურში ვიყავი. ორშაბათს ალექსანდრე გაჩნდა. ყველაზე ტკბილად დეკრეტის ის ოთხი თვე მახსოვს, როცა დამსახურებულად ვიყავი სახლში, შვილს ვუვლიდი და ხელფასს მაინც მაძლევდნენ. ყველაზე მძიმე დღე ოთხი თვის მერე სამსახურში წასვლა იყო, საშინელი მონატრებით და სინდისის ქენჯნით, რომ პატარა ალექსანდრე სახლში დავტოვე. ყოველ ოთხ საათში მოყავდა ხან მამას, ხან ბებიას, რომ სადმე ბაღში მოფარებული ადგილი მეპოვა და მეჭმია. მერე იყო ზაფხულები, როცა მე თბილისში ვრჩებოდი, ვმუშაობდი და ალექსანდრეს ბებიასთან და ძიძასთან ერთად დასასვენებლად ვუშვებდი. ერთი სული მქონდა, როდის დადგებოდა პარასკევი საღამო, რომ გავვარდნილიყავი და შაბათ-კვირა ჩემს პატარა შვილთან გამეტარებინა. აუტანელი იყო კვირა საღამო, როცა ალექსანდრე მანქანას მოსდევდა ტირილით, არ წახვიდე, ჩემთან დარჩიო. ეს კადრი უბრალოდ არასოდეს დამავიწყდება.
ბოლო წუთამდე ვმუშაობდი ირინას გაჩენამდეც. მასთან უფრო ცოტა ხანს ვიყავი. ვადამდელი არჩევნები დაემთხვა და მედია ცენტრი უნდა აგვეწყო. ერთი თვის მერე გავედი სამსახურში. ყინავდა იმ წელს ზამთარში, ამიტომ, ირინა ასე ვეღარ დაყავდათ და ჩემს რძეს მაცივარში ვუგროვებდი ბოთლებში. რომ თავდებოდა, მირეკავდნენ, სასწრაფოდ მოდი, ბავშვს საჭმელი აღარ აქვსო და მეც გამოვრბოდი სახლში, გიჟივით. ჩემს დირექტორთან რომ მივდიოდი საღამოს, უკვე იცოდა რისთვის, “ბაღანა ჯღავა, ხო? ” – მეკითხებოდა და მიშვებდა. “ბაღანა ჯღავა” მერე სახუმარო ფრაზადაც გვექცა. წარმოიდგინეთ, გზაში როგორ მივქროდი იმ განცდით, რომ ბავშვს შია და ტირის.
ირინას გაჩენის შემდეგ, ბავშვები მთელი ზაფხულით უჩემოდ აღარსად გამიშვია. ვეღარ ავიტანდი მანქანის ტირილით გამოკიდებას, ვეღარ ვაპატიებდი ამას ჩემს თავს და ვერც ბავშვებს ავუხსნიდი, რომ თუ არ ვიმუშავებდი, არაფერი გვექნებოდა.
გრძელი პოსტი გამომივიდა, მაგრამ, არავინ იცის, დედის და შვილის გარდა, რა რთულია, წარმოუდგენლად რთული, როცა დედა მუშაობს და თან ბავშვს ზრდის, რაც უნდა დამხმარე ყავდეს. ასეთი ორმაგი დანაშაულის გრძნობა არასოდეს მქონია. ერთი იმიტომ, რომ სამსახურის გამო შვილს დროს ვაკლებ და მეორე იმიტომ, რომ სამსახურს ვაკლებ დროს შვილის გამო.
ნეტა იყოს ამ ქვეყანაში შესაბამისი სერვისები დედისთვის, რომ არ ეწამოს ყველა და არანორმალურ დაბრკოლებად არ უღირდეს შვილის გაზრდა და მუშაობა ერთად.
არავინ გაბედოთ და გვითხრათ, რა და როგორ გავაკეთოთ! მით უმეტეს, 25 მილიონის ბიუჯეტიდან მქაფავო ოგანიზაციავ! ეგ ფული რომ სერვისების განვითარებას, კეთილმოწყობილ ბაგებს, საბავშვო ბაღებს, სამედიცინო დაწესებულებებს, ქალაქის ინფრასტრუქტურას და კიდევ ბევრ რამეს მოხმარებოდა, ჩვენ და ჩვენს შვილებს ცხოვრება გაგვიადვილდებოდა!
არ გაბედოთ, შეეხოთ დედებს, რომლებიც მუშაობენ და შვილებს ზრდიან!”- წერს ნინო დანელია