{{ARTICLEIMAGE}}
ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, არ გამოიყენონ ფარმაცევტული პროდუქტის “ჰეპა-მერცის” საინფუზიო ხსნარი, რომლის სერიაა 711 121, რადგან ის სპეციფიკაციით დადგენილ ნორმას არ შეესაბამება. აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის ფერის ცვლილების მიზეზი უცნობია და ამ ეტაპზე მისი შესწავლა მიმდინარეობს.
აღნიშნული სერიის დისტრიბუცია განხორციელდა ავსტრიაში, პოლონეთსა და საქართველოში. ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოების მიერ, რეკომენდებულია, აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის სადისტრიბუციო ქსელიდან გამოთხოვა.
ფარმაცევტული პროდუქტი “ჰეპა-მერცის” საინფუზიო ხსნარი გაიცემა რეცეპტით და გამოიყენება სტაციონარულ პირობებში. ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოების რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოში შეჩერებულია 711121 სერიის მქონე აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია და იმპორტი, თუმცა სააგენტო, პრევენციული ღონისძიების სახით, მიმართავს, ასევე, პაციენტებს, არ გამოიყენონ საცალო რეალიზაციის ქსელში უკვე შეძენილი 711121 სერიის მქონე “ჰეპა-მერცი 5გ/10მლ 10მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად”, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.