არ გამოვრიცხავ, რომ რობაქიძემ თვითდაზიანებები მიიყენოს- ოხანაშვილი მასზე მუქარაში ბრალდებულზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, შესაძლოა მასზე მუქარაში ბრალდებულმა თვითდაზიანებები მიიყენოს, თავდასხმის ინსცენირება მოაწყოს და შემდეგ მას დააბრალოს.

მისივე თქმით, რობაქიძე შეკვეთით მოქმედებდა და შესაძლოა, უფრო მძიმე რამ ჰქონდა დაგეგმილი.

„ამ ადამიანმა ზღაპრები უთხრას მათ, ვინც ეს ყველაფერი დაარიგა. მისი ასეთი საქციელით, ნაცვლად იმისა, რომ ეს ყველაფერი მოინანიოს, რაც განახორციელა, ის შეკვეთით მოქმედებდა და ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, ასევე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანმა თვითდაზიანებები მიიყენოს ან მოაწყოს თავდასხმის ინსცენირება და შემდგომ ჩემსკენ გამოიშვიროს ხელი. როგორ ჩანს, ეს ადამიანი ყველაფერს კადრულობს. კიდევ ერთხელ, ეს ზღაპრები უთხრას იმათ, ვინც მას ეს დაარიგა. არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით მას კიდევ უფრო მძიმე რამ ჰქონდა დაგეგმილი, უბრალოდ, სისრულეში შესაძლოა, ბოლომდე ვერ მოიყვანა”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა რობაქიძის საპასუხოდ, რომელმაც თქვა, რომ მასზე პოლიციამ ზეწოლა განხორციელდა, რა დროსაც პოლიციის შენობაში ანრი ოხანაშვილიც იმყოფებოდა.

პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობაზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ ანრი ოხანაშვილს და ვახტანგ რობაქიძეს შორის ინციდენტი ბაკურიანში 14 იანვარს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, რობაქიძემ ქართული ოცნების დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა. მას 19 იანვარს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 7 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.