“ძალიან ვწუხვარ, რომ ევროპის შუაგულში, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, ეს თემა გახდა სალაპარაკო” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას „იმედთან“ განაცხადა.
კითხვაზე, თუ რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული, პრეზიდენტმა უპასუხა: „რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით, იმიტომ, რომ ეს არის დისკრეციული უფლება პრეზიდენტის. მე ვარ პრეზიდენტი და ყველა იურისტმა იცის ეს კარგად. ეს გახდა უცებ სალაპარაკო თემა, იმ დროს, როცა აქ ამდენია სალაპარაკო. თუ რამე განმარტება ამაზე არის უფრო დეტალურად გასაკეთებელი, მე მგონია, ეს უნდა გაკეთდეს თბილისში, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ, რადგან აქ, ევროპაში, ევროპის შუა გულში, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები იხილება, რომ ჯობს აქცენტი გადავიტანოთ სხვა საკითხზე. ეს არის კიდევ ერთხელ მაჩვენებელი, რომ იმის მაგივრად, ვიყოთ გაერთიანებული იმ საკითხებში, რომელიც არის მთელი ქვეყნის და საზოგადოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი, ამას ვერ ვახერხებთ. თუნდაც ის, რომ დამელოდონ 2 დღე თბილისში და იქ მიიღონ ამაზე პასუხები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია.
შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე, რომელიც ბათუმელი პოლიციელის, მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.