“არ მინდა, ჩემს შვილზე იძახონ ტერორისტი იყოო და ჩემზე ეს ტერორისტის მამააო”-მაჩალიკაშვილი

 

მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს გენერალურ პროკურატურასთან მივიდა და გააპროტესტა ის, ფაქტი რომ პირობის მიუხედავად მისი შვილის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების დასკვნა პროკურატურას არ დაუდია.

“პროკურატურამ 6 მაისს გაავრცელა განცხადება და პარლამენტთან ერთად პირობა დადო, რომ 2 თვის განმავლობაში დაიდებოდა შემაჯამებელი დასკვნა თემირლანის საქმეზე, თუმცა 2 თვეზე მეტი გავიდა და არანაირი დასკვნა არ დაუდია პროკურატურას. არანაირი გამოძიება ამ საქმეზე არ მიმდინარეობს, უბრალოდ ხდება დროის გაწელვა. არასდროს ამ ხელისუფლების პირობებში ესენი არ იტყვიან, რომ დიახ, ჩვენ დავაშავეთ. ამ სახელმწიფოს ბოროტ სისტემაში იმაზე საუბრობენ, რომ შეცდომის აღიარება არ იქნება და დანარჩენზე ყველაფერზე წავლენ. ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ ხალხს მიგზავნიან და მეუბნებიან, რომ დიახ, ეს შეცდომა იყოო, თუმცა ამის აღიარება არ მოხდებაო

მე არ მინდა, რომ ჩემს შვილზე იძახონ ტერორისტი იყოო და ჩემზე ეს ტერორისტის მამააო. გააგებინეთ ხალხს, რომ მე არ ვარ ტერორისტის მამა და თემირლანი არათუ ტერორისტი, არამედ ეჭვმიტანილიც რომ არ ყოფილა. მე ვითხოვ ერთ რამეს, აღიარონ ამ ქვეწარმავლებმა, რომ ბინა შეეშალათ,” – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.