“არ მივცემთ რუსეთს უფლებას, განსაზღვროს ჩვენი მომავალი” – მამუკა ბახტაძე

 

საქართველოს პრემიერმინისტრი სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში სიტყვით გამოვიდა. მამუკა ბახტაძემ საქართველოს ლოგისტიკურ შესაძლებლობებსა და ტურიზმის ინდუსტრიის პოტენციალზეც გაამახვილა ყურადღება. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა.

პრემიერმა მსოფლიო მასშტაბით პორტების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორის ხელმძღვანელობასთანაც გამართა შეხვედრა.

საუბრის ძირითადი თემები იყო საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, რომელიც პრემიერმინისტრმა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტად შეაფასა.

„ჩვენ ვაშენებთ მრავალგანზომილებიან ბიზნესცენტრს შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე. ჩვენ გვაქვს წარმატების ყველა წინაპირობა და მიზანმიმართულად მივიწევთ წინ. ჩვენს ქვეყანას ჰყავს 8,5 მილიონი სტუმარი ყოველწლიურად. ამით ძალიან ვამაყობთ, მაგრამ ამავე დროს მტკიცე გადაწყვეტილებაა, კიდევ უფრო მეტის მიღწევა. ჩვენი სტრატეგია მიმართულია საქართველოს გარდაქმნისკენ რეგიონის ტურიზმის, საერთაშორისო ბიზნესის, ლოგისტიკურ, საგანმანათლებლო და ინოვაციების ცენტრად,“ – აცხადებს მამუკა ბახტაძე.

პრემიერის თქმით, საქართველო ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შემოღებისკენ საფრანგეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. პრემიერმა ასევე ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ოკუპაციის შესახებ ისაუბრა.

„მიუხედავად ყველაფრისა, გამოწვევები მაინც არსებობს, როგორც ამას, სამწუხაროდ, ისტორიაც ადასტურებს. 2008 წლიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ოკუპაციის შემდეგ ჩვენი მოსახლეობის ნაწილი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლები. ჩვენი ქვეყანა ამაყობს თავისი 8000-წლიანი ისტორიით. ჩვენ გავუძელით საბჭოთა ოკუპაციის 70 წელს. და, რასაკვირველია, ჩვენ არ მივცემთ რუსეთს უფლებას, განსაზღვროს ჩვენი მომავალი. ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ ჩვენს ბედს და ჩვენი მომავლის ხედვა ეფუძნება ამბიციას, გავხდეთ მსოფლიო დონის ქვეყანა, სადაც შესაძლებელია ცხოვრება, მუშაობა და წინსვლა. ტერიტორიების დასაბრუნებლად ჩვენ შეიძლება გარკვეული დრო დაგვჭირდეს, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. ცხადია, ეს არ მოხდება ძალის გამოყენებით. ამისთვის გამოყენებული იქნება დემოკრატია, დიპლომატია, შესაძლებლობები, განვითარება და ჰუმანურობა“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეხვედრას ესწრებოდა ”Holland America Group”-ის ფინანსური დირექტორი, ნატალია ლი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს შესახებ უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიტყო.

„მერწმუნეთ, აუდიტორიის უდიდესმა ნაწილმა, რომელთაც აქამდე საერთოდ ან ძალიან ცოტა სმენიათ საქართველოს შესახებ, ახლა პრიორიტეტების სიის თავში მოაქცია თქვენი ქვეყანა. მართლაც საუცხოო ქვეყანაა საქართველო, რომელმაც წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწია როგორც ეკონომიკური წინსვლის, ისე რეგიონში და შეიძლება მსოფლიოშიც კი, ერთ-ერთი ყველაზე ღია დემოკრატიის დამკვიდრების კუთხით. დღეს პრემიერმინისტრმა ცხადყო, რომ საქართველოში უკვე არსებობს ძალიან განვითარებული ტურიზმის სექტორი და რომ არსებობს ქვეყნის მხრიდან ტურიზმის მხარდაჭერის ბევრი შესაძლებლობა, რომელთაგან ზოგიერთი დღევანდელ ღონისძიებაზე უკვე განვიხილეთ,“ – აღნიშნა ნატალია ლიმ.