“არ შემოვუშვებთ” – შს მინისტრი გავრილოვის ვიზიტზე

რუსი კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოში ჩამოსვლას ისევ გეგმავს. ამის შესახებ დუმის წევრმა რუსულ მედიასთან განაცხადა. “არ შემოვუშვებ, არ შემოვუშვებ საერთოდ გავრილოვი, ახლა, დღეს, არ მაინტერესებს, არის მეათეხარისხოვანი,“ – განაცხადა გახარიამ სერგეი გავრილოვის საქართველოში მორიგი ვიზიტის განზრახვის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

“მე იქ პირადი გეგმები მაქვს. ჩვენ შემოდგომაზე ბავშვებთან ერთად წასვლას და მოლოცვას ვგეგმავდით, როცა სიცხეები გადაივლიდა. მე მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ამ ქვეყნის შესახებ იცოდნენ, რადგან მეორე ასეთი ადგილი, როგორიც საქართველოა, ჩვენ არ გვაქვს.” – განაცხადა გავრილოვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური პროცესები და საპროტესტო აქციები მოჰყვა. 20 ივნისის მოვლენები უკვე შეფასდა როგორც “გავრილოვის ღამე”.

გავრილოვმა 20 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი სკამიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა. ამ ფაქტს ოპოზიციის გაღიზიანება მოჰყვა, მათ გავრილოვისთვის განკუთვნილი ტრიბუნა დაიკავეს და სხდომა ჩაშალეს.