“არ წყდება სატელეფონო ზარები, კრედიტორები ითხოვენ კუთვნილ დავალიანებას”- ქიბარ ხალვაშის მიერ “რუსთავი2-ის” გაყიდვის გადაწყვეტილებას არხის გენერალური დირექტორი და ამავდროულად ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია მძიმე ფინანსური მდგომარეობით ხსნის. მისი განცხადებით, ტელეკომპანიას ფინანსური ზიანი მისმა წინამორბედმა მიზანმიმართულად მიაყენა.
“ამ გადაწყვეტილებამდე ქიბარ ხალვაში მიიყვანა ტელეკომპანიაში შექმნილმა უმძიმესმა ფინანსურმა მდგოამრეობამ, რაც გამოწვეულია, ჩვენი აზრით, კომპანიის ყოფილი ყოფილი დირექტორის მიზანმიმართული მოქმედებების შედეგად. საბოლოოდ პოზიცია ჩვენ გვექნება იმ აუდიტორული დასკვნის დასრულების შემდეგ, რომელიც უნდა განხორციელდეს და შესწავლილ იქნეს, თუმცა დღეის მდგომარეობით,20 დღეზე მეტია ვსწავლობთ და ვეცნობით კომპანიის დოკუმენტაციას, გარდა იმისა რომ ვახორციელებთ ყველა მოქმედებას, რაც აუცილებელია კომპანიის შეუფერხებელი მუშაობისთვის. ძალიან ბევრი დეტალი გამოვლინდა, რომელიც მიუთითებს რომ აქვს ადგილი მიზანმიმართულ ქმედებას კომპანიის საწინააღმდეგოდ. მე პირველივე დღიდან ვაცხადებდი რომ კომპანიაში ურთულესი მდგომარეობაა. არის ძალიან დიდი ოდენობის ვალები, რომელთა გადახდის ვადა მოსულია და პირველივე დღიდან არ წყდება სატელეფონო ზარები,ელექტრონული წერილები, რომლებიც გვამცნობენ, კრედიტორები ითხოვენ კუთვნილ დავალიანებას, თუ უმოკლეს ვადაში არ იქნება გადახდილი დავალიანება ისინი მიმართავენ სასამართლოს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში არსებობს სრულიად ფაქტობრივად სამართლებრივად იმგვარი მდგომარეობა რომ კომპანია უნდა იყოს გაკოტრების რეჟიმში, ჩვენ ამ ნაბიჯს არ ვდგამთ შეგნებულად, ეს არ მოხდება და რუსთავი ორი არასდროს არ გაკოტრდება. სწორედ ამისთვის რომ ეს არ მოხდეს მიღებული იქნა ქიბარ ხალვაშის მიერ ეს გადაწყვეტილება,
„წლების განმავლობაში, 2015 წლიდან მოყოლებული, კომპანიის შემოსავლები წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად მცირდებოდა მაშინ, როდესაც მნიშვნელოვნად იზრდებოდა კომპანიის ხარჯები, სრულიად დაუსაბუთებლად. ათეულ მილიონობით ლარის ზარალის არსებობის პირობებში, კომპანიის მენეჯმენტი იღებდა ასეულ ათასობით პრემიას. არის ხელმშეკრულებები გაფორმებული, რომლის წაკითხვისაც აუცილებლად დაგებადებათ ეჭვი, რომ მეორე მხარის ინტერესი უფრო მეტია, ვიდრე „რუსთავი 2“-ის. მაგალითად, ვხედავ დავალიანებას კონკრეტული იურიდიული პირების მიმართ რაღაც გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ და ვერავინ მეუბნება, რა არის ეს მომსახურება და სად არის ის კვლევები, რომელთა სანაცვლოდ 600 000 ლარია გადახდილი. ყველაფერი ეს გვაძლევს იმ ეჭვის საფუძველს, რომ წლების განმავლობაში კომპანიის გაკოტრება მიზანმიმართულად ხდებოდა.
ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ წლების განმავლობაში მისი ფიდუციური ვალდებულებების გამო, კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ვინაიდან საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უკვე დოკუმენტურად, დადასტურებულად გაიგო, რომ არაფერ შუაში არ არის ყადაღები და მთავარი იყო მიზანმიმართული მოქმედება „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ,“-განაცხადა პაატა სალიამ.
“-განაცხადა პაატა სალიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქიბარ ხალავაშმა რუსთავი 2-ის გაყიდვის შესახებ განცხადება გაავრცელა. მისი განცხადებით ტელეკომპანია ერთი კვირის განმავლობაში გაიყიდება.