საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
“კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თავისუფლება განუყოფელია პასუხისმგებლობისგან, ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა მოითხოვს რომ გვერდზე გადავდოთ ემოციები და პოლიტიკური გემოვნება, არ უნდა დავუშვათ რომ რაღაც პროვოკაციებით გარკვეულმა ძალებმა სცადონ, საქართველოს დისკრედიტაცია მის ფარგლებს გარეთ და დესტაბილიზაცია ქვეყნის შიგნით.
მინდა ყველას შიგნით და გარეთ მოგიწოდოთ დეესკალაციისკენ, მივმართავ იმ ძალებს ქვეყანაში, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ქვეყანაში მთავარ მონაპოვარს სტაბილურობას საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო საფრთხის ქვეშ აყენებს, პატრიოტიზმი ქვეყნის დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციაზე არ გადის.
მივმართავ მას ვინც უპასუხისმგებლო ქმედებებით და განცხადებებით პატრიოტის დროშის ქვეშ აზარალებს ჩვენს მოქალაქეებს და მათ ეკონომიკურ მდგომარეობას.
მოვუწოდებ იმ ძალებს, რომელსაც პატრიოტული ლოზუნგებით საზოგადოებაში დაძაბულობა და დაპირისპირება შეაქვთ, შეგახსენებთ საპარლამენტო პლატფორმა დიალოგისა და შეთანხმების თქვენივე მოთხოვნების საფუძველზეა შექმნილი, პროპორციული სისტემა ყველას უხსნის საკუთარი ამბიციების კარს. ყველას მოგიწოდებთ, მშვიდობიანი არჩევნების გზით თქვენი მოთხოვნები ხალხის წინ დააყენოთ და საზოგადოების პასუხს დაელოდოთ.
მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას, პარადოქსი იქნება თუ მეზობელი ქვეყანა მისი დახასიათებით რადიკალური ძალებით წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს,”-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.