“არ ვაღიარებ ბრალს” – ფარცხალაძემ თორდიას საქმეზე მოკლე კომენტარი გააკეთა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილ სახელმწიფო აუდიტორზე, ლაშა თორდიაზე  თავდასხმის საქმეზე სხდომა გაიმართა.

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, პროცესს  საქმეში ბრალდებული ოთარ ფარცხალაძეც დაესწრო. პროცესის დასრულების შემდეგ ფარცხალაძემ მხოლოდ ის თქვა,რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

საქმე ეხება 2017 წლის 13 მაისს რესტორან “ელ ცენტროში” მომხდარ ინციდენტს. იმდროინდელი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებდა. ფარცხალაძეს ამ საქმესთან დაკავშირებით 5000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ამავე საქმეზე  ბრალდებულია ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი მიხეილ ჩოხელი, რომელიც  ინციდენტის დროს ოთარ ფარცხალაძესთან ერთად იმყოფებოდა.

მომდევნო სასამართლო პროცესი 28 მაისს ჩაინიშნა.