ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა ,,ტვ პირველის” დირექტორმა , ინგა გრიგოლიამ პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის მიზეზი, გრიგოლიას თქმით, ის გახდა, რომ ვანო მაჭავარიანი მის კითხვებს არ პასუხობდა.
“დავტოვე შეხვედრა პროტესტის ნიშნად, რადგან უბრალოდ შეხვედრა შედგა მინისტრსა და მედია მენეჯერებს შორის, ამისთვის ვერ ვიჯდებოდი. მინისტრი, რომელსაც დაავალეს, რომ მიეღო ეს გადაწყვეტილება იდგა და იმის ნაცვლად, რომ პასუხი გაეცა რატომ ჩაგვაყენა, ჩვენ ასეთ პირობებში, გვიყვებოდა ხანგრძლივ და დაუსრულებელ ისტორიას, თუ რატომ დაედო ვალები “რუსთავი-2”-სა და “იმედს”. ჩვენ ვუთხარით, რომ ეს არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს, რატომ ჩაგვაყენეს ასე უსამართლო მდგომარეობაში,- ყვება შეხვედრის შესახებ ინგა გრიგოლია.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ფინანსთა მინისტრს წამოსცდა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ ,,რუსთავი 2″-ს და ,,იმედს” გადასახადები არ გადაახდევინეს. გრიგოლიას თქმით, მან მინისტრს ჰკითხა, დაისაჯა თუ არა ამ ფაქტზე ვინმე, რაზეც მინისტრმა აგდებულად უპასუხა, რომ ,,ვისიც გინდათ იმის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეთ.”
ტელევიზიის დირექტორებსა და ფინანსთა მინისტრს შორის შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მას ინკასოდადებული ტელევიზიის ხელმძღვანელები ესრწებიან.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “კავკასიას”, “ტვ პირველსა” და “რუსთავი 2-ს” ინკასო დაედოთ. “კავკასიისა” და “ტვ პირველის” მფლობელები ფინანსთა სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ მორიგ ზეწოლად აფასებენ. ისინი დავალიანების გადახდას მანამდე არ აპირებენ, სანამ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიასაშუალებები საკუთარ არ დავალიანებას დაფარავენ.