“სამეფო სახლის განცხადება” ამ სათაურით დავით ბაგრატიონ-მუხრანელი მიმართვას ავრცელებს, რომელიც საქართველოს სამეფო სახლის ფეისბუქ გვერდზე გამოჩნდა.
“მინდა სრული ნდობა გამოვუცხადო პოლიციას, გამოძიებას და ქართულ მართლმსაჯულებას, ნათელი მოვფინო იმ ადამიანების სიცრუის ქარხანას, რომელთაც მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური და პიარ ინტერესები ამოძრავებდათ ამ ამბავში და ბაგრატიონების დინასტიაზე, ბავშვებზე და საკუთარ თავებზეც კი არ უფიქრიათ. მათ წარმოშვეს ძალიან რთული და დიდი ბზარი ჩვენს ურთიერთობაში. მინდა ვთხოვო მედიას, რომ წინასწარ გადაამოწმონ ყველა ის ინფორმაცია, რასაც ისინი ავრცელებენ. მომდევნო დღეებში ჩავწერ ინტერვიუს ჟურნალისტებთან, რომელთაც გამოთქვეს ჩემთან ინტერვიუს ჩაწერის სურვილი. ერთხელ და სამუდამოდ მივმართავ უგუნურ ადამიანებს და ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ სხვა ქვეყანაში ცხოვრებას . ვიცხოვრებ ჩემს სამშობლოში, საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს, სადაც მამაჩემი არის დაკრძალული და ჩემი ვაჟი იზრდება, სადაც არის ჩემი ოჯახი და მეგობრები. არ ვაპირებ ბაგრატიონთა დინასტია და საქართველოს სამეფო სახლის სახელი დავუტოვო გადაშენების პირას მყოფ უმცროს შტოს.”-ნათქვამია დავით ბაგრატიონის განცხადებაში.
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ მუხრანელის სამეფო ქორწილი, პატრიარქის ინიციატივით, 2009 წელს გაიმართა. წყვილი ოფიციალურად 2016 წელს განქორწინდა.
ბაგრატიონებს შორის დავა სასამართლოში რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის მეფის მხრიდან დედოფალზე შესაძლო ძალადობის საქმეზე.ანა ბაგრატიონი ასევე ქონების გაყოფასაც მოითხოვს.
გუშინ, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავით ბაგრატიონი ყოფილ მეუღლეს კადრების გამოქვეყნებით დაემუქრა და მორიგების სანაცვლოდ დიდი ფულიც შესთავაზა. დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა სატელეფონო საუბარი დაადასტურა, თუმცა მუქარის ფაქტი გამორიცხა.