საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივ წერილს იმიტომ არ აქვეყნებენ, რომ მათი უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება არ უნდათ.
უწყების განცხადებით, დიპლომატიური სამსახური ვერ აყვება ,,გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს”.
,,წერილის გამოქვეყნება გერმანული და ფრანგული მხარის პრეროგატივაა და ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება, თუ გამოაქვეყნებენ, რადგან წერილი საკმაოდ დაბალანსებული, მხარდამჭერი და კონსტრუქციულია. ჩვენ არ ვაპირებთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ჩვენი გერმანელი და ფრანგი პარტნიორები. დიპლომატიური სამსახური ვერ აყვება გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს,”- აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
,,ევროპული საქართველოს” წევრი, გიორგი კანდელაკი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამოაქვეყნოს წერილი, რომელიც საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა საქართველოს მთავრობას ერთობლივად გამოუგზავნეს. მისი თქმით, წერილში კრიტიკულადაა შეფასებული საქართველოში მიმდინარე მოვლენები.