“არ ვარ საქმის კურსში” -ლაშა ჟვანია პრეზიდენტის სკანდალზე

ვინ აზიარებს პოსტებს პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდებზე ამის  შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჯერ კიდევ მოქმედ უფროსს პასუხი არ აქვს.

„ვერ გეტყვით, დღეს გადაბარების რეჟიმში გახლდით, არ ვარ საქმის კურსში. მე მოვისმინე პრეზიდენტის სპიკერის განცხადება, სხვა ამაზე დამატება არ შემიძლია. გადაბარების პროცესში ვიყავი და პრეზიდენტს ვახლდი, როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, ასევე, ვაზიანში თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ლაშა ჟვანიამ გადაცემა “არჩევანში”.

ჟვანიამ არც ის იცის ვინ დაიკავებს მის ადგილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მისი თქმით, საქმე მის 3 მოადგილეს გადააბარა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელებში დაშვებული შეცდომების გამო სკანდალში გაეხვა.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის ტვიტერის ოფიციალურ  გვერდზე შესაძლო კიბერთავდასხმის ფაქტს განიხილავს. ამასთან დაკავშირებით მოკვლევა შსს-მ დაიწყო. შესაძლოა, ზურაბიშვილის ოფიციალურ გვერდებზე დაშვებული შეცდომების გამო სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კიბერდანაშაულის მიმართულებით დაიწყოს.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი გაზიარდა, სადაც ტრამპი პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს. საქართველოს პრეზიდენტის გვერდიდან აღნიშნული პოსტი გარკვეული პერიოდის შემდეგ წაიშალა.

ადმინისტრაციის განმარტების პარალელურად, ზურაბიშვილის ოფიციალურ გვერდზე კიდევ ერთი უხერხული შეცდომა გამოჩნდა.ზურაბიშვილმა ერთ-ერთი ფეისბუქგვერდის – “​ხელოვნება და ისტორიკოსების” პოსტი გააზიარა, სადაც ქართველი მხატვრის ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევრებია გამოქვეყნებული.

პრეზიდენტის გვერდზე ეწერა რომ “ვარლამიშვილს რუს ემიგრანტად ასაღებენ”. თუმცა პოსტში განმარტებული იყო, რომ ნამუშევრების ავტორი ქართველი მხატვარი იყო.