არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა ვისაუბროთ 144/6 ან 148/2 ვერსიებზე, ველოდებით ოპოზიციის კომპრომისულ ვარიანტს- მდინარაძე

,,ქართული ოცნების” წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს ულტიმატუმი კომპრომისად გაასაღოს.

,,ურთიერთდათმობის ფარგლებში ჩვენ 77/73-იდან გადავდგით ნაბიჯი და დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია 100/50-ზე. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. ისინი დგანან საწყის პოზიციაზე და ცდილობენ თავიანთი ულტიმატუმი გაასაღონ კომპრომისად. თუმცა, კომპრომისი და ურთიერთდათმობა ამას არ გულისხმობს”,- ამბობს მდინარაძე.

ის ეხმიანება ოპოზიიის განცხადებას, რომ შესაძლოა მმართველ გუნდს მანდატების 130-20-ზე ან 135-15-ზე განაწილება შესთავაზოს. მდინარაძის თქმით, არ იცის მანდატების განაწილების სხვა ვერსიებზე, მაგალითად 144/6-ზე ან 148 /2-ზე რამდენად სერიოზულად უნდა ისაუბროს.

,,რაც შეეხება სხვა ვერსიებს, ვთქვათ 144/6-ზე ან 148 /2-ზე, მე არ ვიცი ამაზე რამდენად სერიოზულად უნდა ვისაუბროთ. თუ ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ უცხოელი პარტნიორები კიდევ ერთ ნიუანსში მოატყუონ, რომ ჩვენც გადავდგით ნაბიჯი და კომპრომისული ვარიანტი შევთავაზეთ, რამდენად განიხილება კომპრომისულ ვარიანტად ეს ვერსიები 145/ 5-ზე ან 140/10-ზე ან 135 /15 -ზე ან 148 /2-ზე, ეს მერე შეფასების საგანია და მარტივი შესაფასებელი იქნება. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ველოდებით მათ კომპრომისულ ვარიანტს. ჩვენი კომპრომისული ვარიანტი უკვე ხელის გულზე დევს”, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი ოპოზიციას მანდატების 100/50-ზე განაწილებას სთავაზობს, რაზეც ისინი უარს აცხადებენ. როგორც ოპოზიციაში აღნიშნავენ, შესაძლოა ,,ქართულ ოცნებას” კომპრომისული, 130-20-ზე ან 135-15-ზე განაწილება შესთავაზონ. ამაზე ოპოზიცია ლეიბორისტების ოფისში დღეს იმსჯელებს.

ოპოზიცია და მმართველი გუნდი ახლო მომავალში შეხვედრების მეხუთე რაუნდს გამართავენ.