“არ ვიზეიმებთ გენოციდს“– ელისაშვილი და სამოქალაქო მოძრაობა უკვდავი პოლიკის პარალელურ აქციას გეგმავენ

ალეკო ელისაშვილი და სამოქალაქო მოძრაობა 9 მაისს ლოკომოტივის სტადიონიდან ვაკის პარკამდე აქცია– მსვლელობას მოაწყობენ. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს:
“ხვალ, 9 მაისს რუსული დაფინანსებით და ორგანიზებით ე.წ. “უკვდავთა პოლკის” მსვლელობას აპირებენ. იმის გამო რომ უშიშროების სამსახური მოშლილია და იმის გამო, რომ ჩვენი სახელმწიფო მხოლოდ ფურცელზეღა არსებობს, სახელმწიფო უნდა დავიცვათ ჩვენ, თითოეულმა მოქალაქემ. ხვალ, 9 საათზე ლოკომოტივის სტადიონთან ვიკრიბებით რომ პარალელური მსვლელობა მოვაწყოთ. არანაირი, ცემა-ტყეპა და ძალადობა. უბრალოდ ვიკრიბებით რომ ბოლომდე ვერ წაიღოს ეს ქვეყანა რუსეთმა. გელოდებით ყველას ხვალ, 9 მაისს, 9 საათზე ლოკომოტივის სტადიონთან“ – წერს სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
ხვალინდელ აქციაზე მოქალაქეებს სამოქალაქო მოძრაობა ფეისბუქში შექმნილი ღონისძიების მეშვეობით იწვევს. ღონისძიების ტექსტში ნათქვამია:
“საბჭოთა ოკუპაციას 1921-1937 წლებში შეეწირა 20,000 -ზე მეტი ქართველი, 1941-1945 წლებში საოკუპაციო არმიაში სამხედრო ბეგარის მოხდას 300.000-ზე მეტი. მიუხედავად იმისა რომ მსოფლიო ბოროტებასთან მოუწიათ ბრძოლა, კიდევ უფრო უარესი ბოროტების არმიის რიგებში აღმოჩდნენ. 9 მაისი არის ხსოვნის და გლოვის დღე, რომლის თავის ინტერესებში გამოყენებას ცდილობს რუსეთის ხელისუფლების მიერ შექმნილი ორგანიზაცია “უკვდავი პოლკი”, რომელიც თავის ოფიციალურ გვერდზე არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აღნიშნული აქციით პუტინის ხელისუფლება ცდილობს შექმნას ყალბი განცდები და წარმოდგენები საბჭოთა ისტორიაზე, რომელიც მათი აზრით, რაიმე ფორმითა და დოზით საქართველოს ხალხებში სიამაყისა და მონატრების გრძნობებს უნდა აღძრავდეს. საბჭოთა ისტორია ეს არის საქართველოს ოკუპაციისა და ქართველთა გენოციდის ისტორია ხოლო საბჭოთა კავშირის დასრულება კი საქართველოს მორიგი გამარჯვების ისტორია. ეს მსვლელობა რუსეთის იმპერიის სამხედრო დიდების აღნიშვნაა და 9 მაისი უბრალოდ საბაბია. რუსეთშიც კი 1975 წლიდან აღინიშნება იმ ფორმით რაც ეხლა აქვს. ჩვენი აქცია არის არაძალადობრივი და მშვიდობიანი, ის ემსახურება ჩვენი სახელოვანი მებრძოლების და საბჭოთა მსხვერპლის გახსენებას და ყოველ წელს გაიმართება.“