“არა ფსიქოლოგიურ ტერორს”, “ზარდიაშვილი სირცხვილია”-ამ და სხვა ლოზუნგებით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს.
ქალთა უფლებადამცველები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს ეკა ბესელიას სოლიდარობას უცხადებენ. მათი განცხადებით, ბესელიას პირადი ხელშეუხებლობის უფლება მრავალჯერ დაირღვა და ის ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშაა.
პარლამენტთან აქციაზე ასევე იმყოფებოდა “ევროპული საქართველოს” დეპუტატი ელენე ხოშტარია.
„დღეს ეკა ბესელია არის სისტემის მსხვერპლი ამ უბინძურეს ბრძოლაში. თუ ჩვენ ვერ შევძელით, რომ ასეთი ადამიანის მიმართ ვიყოთ სოლიდარული, მაშინ სოლიდარობის არსი საერთოდ გაუგებარია. თუ ჩვენ არ გავაპროტესტებთ პირადი ცხოვრების გამოქვეყნების ამ მეთოდს, მუდმივად ერთ წრეზე ვივლით.ზოგადად, ძალიან უსიამოვნოა, როდესაც ფიზიკური დაპირისპირება ხდება პარლამენტში. არც ერთ სხვა დეპუტატზე, კვიციანზე, პაპუაშვილზე „ქართულ ოცნებას“ რეაქცია არ ჰქონია და ადამიანი რომელსაც ტანკით გადაუარეს, ყველას ჰქონდა რეაქცია”-განაცხადა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, 26 სექტემბერს, დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. ეკა ბესელია მას ფიზიკურად შეეხო. ბესელიას გაღიზიანება, მისი თქმით, ზარდიაშვილის მხრიდან შეურაცხმყოფელ რეპლიკას მოჰყვა.