არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულმა მარნეულის მერმა საპატიმრო დატოვა

{{ARTICLEIMAGE}}
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა. თემურ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გუშინ შეეცვალა. პროკურატურის განცხადებით, “გამოკვლეულია წერილობითი მტკიცებულებები და გამოკითხულია ძირითადი მოწმეები, შესაბამისად მოწმეებზე ზემოქმედების რისკი მოხსნილია”.

თავად ყოფილი მერი აცხადებს, რომ ცილისწამებისთვის სასამართლოში იჩივლებს, რადგან მისი დაკავება უკანონო იყო და პროვოკაცია მოუწყვეს. “ერთ-ერთმა მოწმემ განაცხადა, ეს იყო იმისთვის გაკეთებული, რომ მას ასეთი ბინძური გინებითა და ოჯახის შეურაცხყოფით უნდოდა “ნაციონალურ მოძრაობაში” გადასვლა. რეალურად, ეს ადამიანი იყო “ქართული ოცნების” წარმომადგენელი”, განაცხადა აბაზოვმა.

თემურ აბაზოვი 7 თვის განმავლობაში პატიმრობაში იყო. ის მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით იყო დაკავებული. მარნეულის მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.