თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმიანება და ამბობს, რომ არ მომხდარა არაფერი განსაკუთრებული, ,,ციხიდან ჩვეულებრივი კრიმინალი გამოვიდა”.
,,არავითარი განსაკუთრებული არ მომხდარა და არც მოხდება. ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ახსოვთ, როგორც ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ ბოროტი დანაშაულებრივი სისტემის, რომელიც მან შექმნა სააკაშვილთან, ბოკერიასთან, ადეიშვილთან ერთად და განსაკუთრებული მაგით არაფერი არ მომხდარა”,- ამბობს ღარიბაშვილი.
მისივე განცხადებით, მერაბიშვილი თავად არის დამხობილი და არ უნდა დამხობილ ადამიანზე საუბარი.
,,ის, რომ დღეს კიდევ ბედავს ასეთი განცხადების გაკეთებას ეს კრიმინალი და ერთ-ერთი სახე ამ გარყვნილი, ბინძური სისტემის, რომელიც მათ შექმნეს და წლების განმავლობაში ისინი მართავდნენ ასეთი დანაშაულებრივი რეჟიმით, ღიმილის მომგვრელია. ის თავად არის დამხობილი და მე არ მინდა, დამხობილ ადამიანზე ვისაუბრო”,- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
დღეს ვანო მერაბიშვილმა ციხე დატოვა და განაცხადა, რომ ,,ქართული ოცნების” დამხობის შემდეგ, ე.წ. მატროსოვის ,,ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება”.