არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობა დასჯადი ხდება

პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობა დასჯადი ხდება. მას ვინც წინასწარ იცის, რომ პირი არალეგალურად გეგმავს ცხოვრებას და მას მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ დახმარებას უწევს, თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თუ დანაშაულს ტურისტული ან სხვა კომპანია ჩაიდენს მას საქმიანობის უფლება ჩამოერთმევა და დაჯარიმდება. პარლამენტში ფიქრობენ, რომ რეგულაციების გამკაცრებით უკანონო მიგრაცია შემცირდება.
უკანონო მიგრანტების ხელშეწყობისთვის სასჯელი უფრო მძიმეა თუ დანაშაულს ორგანიზებული ჯგუფი ჩაიდენს. ამ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდეა. სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის ავტორი უმრავლესობის 12 დეპუტატია ბიუროს წარედგინა, ამის შემდეგ საკითხის განხილვა კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე მოხდება.
ბოლო ათი წლის განმავლობაში ქვეყნიდან მილიონ ნახევრამდე ადამიანი გაემგზავრა და აღარ დაბრუნებულა. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ ქართველი მიგრანტების რაოდენობა ევროპაში მკვეთრად გაიზარდა, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებამ გაფრთხილება მიიღო. გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაც. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხელისუფლებამ ევროპელი კოლეგებისგან რამდენიმე შენიშვნა მიიღო. მათ შორის სკანდინავიის ქვეყნებიდან, სადაც ქართველ ემიგრანტთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. “ქართულ ოცნებაში” იმედოვნებენ რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირისთვის იმის ნიშანი იქნება, რომ ხელისუფლება უკანონო მიგრაციას ებრძვის.