ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან გარყვნილ ქმედებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის მამაკაცი დამნაშავედ ცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განცხადება ამის შესახებ პროკურატურამ გაავრცელა.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მ.თ.-მ 2018 წლის მარტში სოციალური ქსელით არასრულწლოვანი გოგონა გაიცნო, რომელსაც სოციალურ ქსელ ,,FACEBOOK“-ის პირად პროფილზე შიშველი ფოტოები გადააგზავნინა, შემდეგ კი არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედება განახორციელა. ასევე მ.თ.-ს მოთხოვნით გოგონამ ინტიმური ფოტო-ვიდეო ფაილები გადაიღო და მ.თ-ს გადაუგზავნა.
2018 წლის აგვისტოში მ.თ. სოციალური ქსელით ისევ დაუკავშირდა არასრულწლოვანს და მუქარით და იძულებით ინტიმური ხასიათის ვიდეოს გადაღება მოსთხოვა. მ.თ.-ს მხრიდან განხორციელებული მუქარის, სასტიკი მოპყრობის, მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირების გამო არასრულწლოვანმა გოგონამ 2018 წლის 15 აგვისტოს საცხოვრებელი სახლის აივანზე თავი ჩამოიხრჩო. სამართალდამცველებმა მ.თ. 2018 წლის 17 აგვისტოს ქ.ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედება) და 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მ.თ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,”-ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.