სუს-ის ბრალდებებს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. ის მიიჩნევს, რომ ტერორისტულ ქმედებებთან მისი დაკავშირებით სუს-ი მაჩალიკაშვილების ოჯახის განადგურებას ცდილობს. ასევე მაჩალიკაშვილი შვილის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი გზებით ბრძოლას არ წყვეტს და კარავში რჩება.
“1 წელზე მეტი ხანი გავიდა ჩემს სახლში სუს-ის მიერ ტერირისტული აქტის ჩადენის შემდეგ და ხელისუფლებას არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე სიმართლის დასადგენად. ეს ხელისუფლება არის ყრუ და ბრმა ჩემი და ჩემი ოჯახის ტრაგედიის მიმართ. ამ პირობებში ხელისუფლება აგრძელებს ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიმართულ ემოციურ, საინფორმაციო და სამართლებრივ ომს. სახელმწიფო ყოველ დღე გვანადგურებს ჩვენ და ეს პროცესი ერთი წელია უწყვეტად გრძელდება. უკვე შევეგუეთ! არც ერთი წამი შვება, იმედი არავინ გვაჩვენა!
მე 1 წელია სამართლებრივი და პოლიტიკური გზებით ვიბრძვი სამართლიანობისთვის და ღირსებისთვის. ამ ბრძოლაში მეგონა რომ მარტო ვიყავი, თუმცა, ჩვენს საზოგადოებაში ნამდვილი მეგობრები და მხარდამჭერები შევიძინე. საქართველო ჩემი სამშობლოა და მე ამ ქვეყნის შვილი და მოქალაქე ვარ. როგორ შეიძლება საკუთარი ქვეყნის და ხალხის ერთგული ადამიანი ტერორისტად გამოაცხადონ ?! ხომ აშკარაა, რომ სუს-ის მიზანია მე, ჩემი ოჯახი ისევ ტერორისტებად მოგვნათლოს და ამ სახელით გაგვანადგუროს?!
9 თვეა თბილისის ცენტრში ქუჩაში ვდგავარ დღე და ღამე, სიცივეში და პაპანაქებაში. თუ მე საშიში ვარ ამ ქვეყნისთვის, თუ მე ტერორისტი ვარ რატომ არ მაკავებენ ამდენი ხანი? 2 თვის წინ სადღაც გამწარების დროს ნათქვამი და ჩაწერილი სიტყვების გამო დღეს ტერორისტს მეძახიან. რატომ არ წამასწრეს დანაშაულზე და არ დამაკავეს, თუ ტერორისტი ვარ? კი მე სულ მაქვს სურვილი გავიგო იმ ადამიანების შესახებ მეტი ვინც შვილი მომიკლეს. მაგრამ ეს დანაშაულის ჩადენაა? არავის გისურვებთ ამ სისასტიკის განცდას, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ. გამწარებული მამის, შვილმოკლული მამის მუდმივი დევნა, თვალთვალი და მისი სიბრაზის დროს ნათქვამი სიტყვების დევნა და გასაჯაროვება ეს არის სახელმწიფოს დანიშნულება?!
მე მშვიდობიანი და სამართლებრივი ბრძოლის გზიდან არ გადამიხვევია. არც არასდროს გადავუხვევ! მე ვრჩები კარავში და ვაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას! თუ მე საფრთხეს წარმოვადგენ, მზად ვარ დამაკავონ! ჩემი სიცოცხლე უკვე დიდი ხანია დასრულდა. ყველას გისურვებთ მშვიდობას.” – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე