“არავის მივცემთ საშუალებას, რომ დაარღვიოს რეგლამენტი და პარლამენტის საქმიანობას ხელი შეუშალოს” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე.
„როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მივესალმები ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ნებისმიერ გამოვლინებას, ნებისმიერ პროტესტსა და გამოხატვის თავისუფლებას, რაც კანონმდებლობის ფარგლებში ჯდება. ასევე, არავის მივცემთ საშუალებას, რომ დაარღვიოს რეგლამენტი და ხელი შეუშალოს საქართველოს პარლამენტის საქმიანობას. შესაბამისად, ჩვენი კოლეგების პროტესტი იყო გამოხატული, კარგია, რომ მედიამ საზოგადოებას აჩვენა, თუ რა ფორმები აირჩიეს მათ, ეს არის მათი არჩევანი. ჩვენ კი, ვაგრძელებთ საქართველოს პარლამეტის სხდომას“, – განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საშემოდგომო სესია სტვენის ფონზე გაიხსნა. ეროვნული ჰიმნის დასრულებისთანავე, ევროპული საქართველოს ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და სხვა წევრებმა მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ დღეს გაჟღერებული გადაწყვეტილება სასტვენებით გააპროტესტეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას მოუწოდა, დარბაზში წესრიგი დაეცვათ, ამის შემდეგ კი მან მადატურის სამსახურს მიმართა.