არც ერთი პარტიის წევრობა არ არის ინდულგენცია – ეს განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ, ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
„გასაგებია, ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების რეაქციაზე, სხვა რეაქციას არ მოველოდი იმიტომ, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ ასეთ მასკარადებს და გასაგებია, როდესაც მათი პასუხისმგებლობის საკითხი დგება, ისინი სხვანაირად ვერ მოიქცევიან, ეს არის მათი ბუნება, მაგრამ მე გაძლევთ პირობას, რომ ეს პროცესი წარიმართება ისე, როგორც ეკადრება ჩვენს ქვეყანას. ანუ, ადამიანებს უფლებების სრული დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ თქვენს კისერზე არის ძალიან ბევრი სისხლი და ბოროტება, ჩვენ არ მოვექცევით არც ერთ ადამიანს , ისე როგორც თქვენ ექცეოდით, მათ შორის არც ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი გუნდი არის იმაზე პასუხისმგებელი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ეს პროცესი ჩაივლის ადამიანის უფლებების სრული დაცვით და, რა თქმა უნდა, პარლამენტიდან მთელი “ქართული ოცნების” გუნდი არის ამაზე პასუხისმგებელი.
სამწუხაროდ, ბატონო რომან და დანარჩენ ჩემს კოლეგებს მივმართავ ოპოზიციიდან, თქვენ გადაკვეთეთ წითელი ხაზები და დადგა ეს შედეგი, რომელიც დადგა, ამიტომ ვართ დღეს ჩვენ შეკრებილი ბიუროზე. დაიმახსოვროს ყველამ, რომ არც ერთი პარტიის წევრობა არ არის ინდულგენცია და თუ ვინმე გაბედავს და წითელ ხაზებს გადაკვეთს, ჩვენ ვალდებული ვართ, უბრალოდ, დავიცვათ კანონი, დავიცვათ კონსტიტუცია, ადამიანის უფლებების სრული დაცვით“ – განაცხადა სოფო კილაძემ.