არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, სადაც ცხინვალში ოკუპანტების მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს. მამუკა ბახტაძის განცახდებით, ტატუნაშვილი სასტიკად აწამეს და სწორედ ასეთი მძიმე დანაშაულების გამო შეიქმნა “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია”, რომელიც კიდევ გაფართოვდება და მასში შეყვანილ პირებს პასუხი საერთაშორისო სამართლით მოეთხოვებათ.

აღსანიშანვია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა თაობა” დღეს, სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან აქციას გამართავს სახელწოდებით “არა ოკუპაციას – Ні Окупації”.

ორგანიზატორების თქმით, აქცია ეძღვნება საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ერთი წლის თავს და 2013-2014 წლის უკრაინის მაიდნის დროს დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

რადიო თავისუფლების ცნობით, აქციის ორგანიზატორები საოკუპაციო ხაზთან რამდენიმე ღონისძიების გამართვას გეგმავენ.

მოეწყობა გამოფენა და პრეზენტაცია “მცოცავი ოკუპაცია და საქართველო”. 

არჩილ ტატუნაშვილი, საოკუპაციო რეჟიმმა 2018 წლის 22 თებერვალს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობისა და დივერსიის მოწყობის ბრალდებით დააკავა. ქართველი გმირი ცხინვალის ციხეში წამების შედეგად გარდაიცვალა. ინტერპოლის სამდივნოს გადაწყვეტილებით, ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულ პირებზე – დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევზე წითელი ცირკულარით ძებნაა გამოცხადებული.