არჩილ თალაკვაძე: დაუშვებელია, რომ მოსამართლეთა არჩევის საკითხი კიდევ დიდხანს გადაიდოს

{{ARTICLEIMAGE}}

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მოსამართლეთა სიის გაწვევა-არგაწვევის საკითხი დღის წესრიგიდან უკვე მოხსნილია და კანონს, რომელსაც პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით მიიღებს, უკუძალა ექნება.

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიღებულია ორი პოლიტიკური გადაწყვეტილება – ჩვენ აღნიშნულ საკითხს საგაზაფხულო სესიაზე განვიხილავთ და შემუშავდება სპეციალური პროცედურა და კრიტერიუმები. ასეთია გუნდის გადაწყვეტილება. ჩვენ ყველნაირად ვეცდებით, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში იქნება. ჩვენთვის ამოსავალია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა იყოს დაცული და უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა დროულად დაკომპლექტდეს, რადგან უზენაეს სასამართლოში 28 მოსამართლიდან არის მხოლოდ 10 მოსამართლე, რაც იმას ნიშნავს, რომ არაერთი ჩვენი თანამოქალაქე მისთვის მნიშვნელოვან საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებას ელოდება. დაუშვებელია, რომ მოსამართლეთა არჩევის საკითხი კიდევ დიდხანს გადაიდოს”, განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით, “ევროპული საქართველო” პარლამენტს რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებს. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერების თქმით, რეზოლუციის საფუძველზე მოსამართლეთა არსებული სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკან უნდა გაიწვიოს. ახალი სია კი კონკრეტული კრიტერიუმების გათვალისწინებით უნდა შედგეს. “ევროპული საქართველოს” ინიციატივა 6 პუნქტისგან შედგება და დეტალურად არის გაწერილი ის კრიტერიუმები, რასაც უვადოდ დასანიშნი მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს.