არიან თუ არა მწერები კორონავირუსის გამავრცელებლები

გაზაფხულის მოახლოვებასთან ერთად კორონავირუსის ფონზე გაჩნდა შეშფოთება, რომ ზამთრის ძილიდან გამოღვიძებულმა მწერებმა შესაძლოა ვირუსის გავრცელების ახალი საფრთხე და ახალი მაშტაბი შექმნან. თუმცა სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ეს მხოლოდ მითია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სპეციალურად შეაგროვა და განმარტა რამდენიმე ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენა კორონავირუსულ ინფექციაზე. მათ შორის მწერების მიერ მათი გავრცელების შესახებ, უფრო კონკრეტულად კი იმ მოსაზრებაზე, რომ კორონავირუსი შეიძლება მათი ნაკბენით გადაგედოთ.

კორონავირუსი 2019-nCoV რესპირატორული ვირუსია, ანუ მისი გადაცემის ძირითადი გზა ჰაერ წვეთოვანია. მაგალითად, შეიძლება დაავადდეთ ინფიცირებულის გვერდით, რომელიც ახველებს ან აცემინებს, იმ წვეთების შესუნთქვისას, რომელიც ინფიცირებულის სასუნთქი გზებიდან გამოიყოფა. ამჟამად არ არსებობს არანაირი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ კოღოს ნაკბენის შედეგად შესაძლოა კორონავირუსი გადაგედოთ.

რა დაავადებები გადააქვთ მწერებს:

დაავადებებს, რომლებიც მწერების საშუალებით ვრცელდება ტრანსმისიურს უწოდებენ. მათგან ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მალარიაა. თუმცა, ის ყველა კოღოს როდი გადააქვს. მალარიის გამავრცელებელი მხოლოდ Anopheles–ის სახეობის მდედრი კოღოები არიან. კოღოებს შეუძლიათ მაგალითად ყვითელი ცხელების, ჰემორაგიული ცხელების გადატანა. ეპიდემიის კერებში ეს მწერები შეიძლება ენცეფალიტის გადამტანებიც გახდნენ.