არსებობს ორი სხვადასხვა განცხადება სხვადასხვა პირის მიერ შემოტანილი – გვარამიას საქმის პროკურორი

“არსებობს ორი სხვადასხვა განცხადება სხვადასხვა პირის მიერ შემოტანილი”- ამის შესახებ  ნიკა გვარამიას საქმის პროკურორმა  ჟურნალისტებთან განაცხადა. გვარამიას გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, 11:00 საათზე მოხდება.

პროკურორი მტკიცებულებების შესახებ არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებაში გვარამიას წინააღმდეგ ორი განცხადებაა შესული.

„რაც შეეხება უშუალოდ კითხვებს, გამოძიებას აქვს რამდენიმე საინტერესო კითხვა და იმედი გვაქვს რომ ამ კითხვებზე მივიღებთ პასუხს,“-აცხადებს პროკურორი.

გვარამიამ საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადა და დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.

პროკურატურამ გამოძიება სამაუწყებლო კომპანიის 9 პროცენტიანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. საუბარია დიდი ოდენობით თანხის მითვისების, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე. გვარამიას დაბარებას წინ უძღოდა მის მიერ ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ განცხადების გაკეთება.