“შარვლის ჩახდა ოკუპანტების წინაშე ტერიტორიებს ვერ დაგვაბრუნებინებს”-სოფო კილაძე

“შარვლის ჩახდა ოკუპანტების წინაშე, ვერ დაგვაბრუნებინებს ვერაფრით ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

ის თავდაცვის მინისტრობის, ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისთვის აუცილებელი შრომა და თავდადებაა.

„მინისტრობის კანდიდატების მხრიდან სწორი აქცენტები იყო დასმული. მეც შევაფასებდი ერთ საკითხს, რაც ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა „გირჩთან“ დაკავშირებით და რასაც აჟიოტაჟი მოყვა. ჩვენ მაშინ შევძლებთ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას თუ, პატრიოტული სულის კვეთება გვექნება. ამას სჭირდება თავიდანვე სწავლება და შეყვარება. მგონი, ამაზე საუბრობდა ბატონი ირაკლი. უკაცრავად და შარვლის ჩახდა ოკუპანტების წინაშე, ვერ დაგვაბრუნებინებს ვერაფრით ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამას სჭირდება თავდადება, შრომა,“ – განაცხადა კილაძემ.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის შესახებ თქვა, რომ „გირჩის“ მიერ ჯარისგან ახალგაზრდების გათავისუფლება საფრთხეს უქმნის სახელმწიფოსა და ჯარის ძლიერებას. მან პოლიტიკურ პარტიას სექტა უწოდა.