სანდრა რულოვსი გუშინ დაკავებული აქტივისტის, მანუჩარ ჩხეტიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ბრიფინგზე განაცხადა.
რულოვსი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, მიმდინარე პროცესს დააკვირდნენ, რათა მსგავსი ფაქტების პრევენცია მოხდეს.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩვენი ზუგდიდელი აქტივისტი, მანუჩარ ჩხეტია გაათავისუფლონ ყოველგვარი სანქციის გარეშე. ჩვენ მთელი ღამე ვიყავით ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში. აბრალებდნენ მცირე ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას. ეს არის სისულელე. მე უკვე ორი კვირაა ვიმყოფები ზუგდიდში. ვატარებ მშვიდობიან შეხვედრებს მოსახლეობასთან, ვისაც აქვს სურვილი ჩემთან შეხვედრის, დაგვყვებიან გადაცმული პოლიციელები, პროვოკაციაზე მოდიან და გვიშლიან ხელს. ნაცვლად იმისა, რომ ის პირები დაეკავებინათ, ვინც უკანონო ქმედებაში იყო შემჩნეული, დააკავეს ჩვენი სამი წევრი. ორი რამდენიმე საათის შემდეგ გამოუშვეს, ხოლო მესამის გათავისუფლებას ვითხოვთ სასწრაფო წესით. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კამპანიას, რომელიც არის დაგეგმილი. მათ ძალიან გაუჭირდებათ ხელის შეშლა. საერთაშორისო პარტნიორებს და დამკვირვებლებს, რომლებიც უკვე იწყებენ მონიტორინგს, მოვუწოდებ, რომ ამ პროცესს ძალიან კარგად დააკვირდნენ. ასე მუშაობა არის შეუძლებელი და ეს არის კანონის დარღვევა,“ – აღნიშნა რულოვსმა.
” ნაციონალური მოძრაობის” 3 წევრი გუშინ ღამე დააკავეს. მათგან ერთ-ერთი პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია საღამოსვე გაათავისუფლეს. დღეს დილას პოლიციის შენობა კიდევ ერთმა დაკავებულმა ანი წითლიძემ დატოვა. მანუჩარ ჩხეტია კი პოლიციის იზოლატორში რჩება, მას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.