“ვიტ ჯორჯია” მატჩების გარიგების ბრალდებით 5 ფეხბურთელის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, სადაც საფეხბურთო კლუბი მსგავს ფაქტებს ემიჯება. კლუბში აცხადებენ, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებენ გამოძიებასთან საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე.
“22 წელია, რაც ქართულ ფეხბურთში ვართ – არ არის მოკლე დრო. მწარე წაგებებიც გვახსოვს, ტკივილიც, იმედგაცრუებაც, მაგრამ ასეთი დიდი დარტყმა არასდროს მიგვიღია, დარტყმა, რომელიც ლახავს ჩვენი კლუბის ღირსებას და აზიანებს მთლიანად ქართული ფეხბურთის სახელს.
უაღრესად რთულია გადაიტანო ეს კრიზისი, მაგრამ არ გავტყდებით, არც ხელებს ჩამოვუშვებთ, რადგან ჩვენი დანებება გააძლიერებს იმ ბნელ ძალებს, რომლებიც მავნე მღრღნელებივით ცდილობენ შეესიონ ქართულ ფეხბურთს და იქ დამკვიდრდნენ.
ბევრი რამ სრულიად ნათელია, თუმცა მოუთმენლად ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომლის შემდეგაც გვექნება მკაფიო სურათი და მოგვეცემა მეტის თქმის საშუალება.
მკაცრად ვემიჯნებით ასეთ ფაქტებს და მათ აღმოსაფხვრელად მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და სხვა ორგანოებთან,”- ნათქვამია ვიტ ჯორჯიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვიტ ჯორჯია ბოდიშს უხდის გულშემატკივარს, ფეხბურთის მესვეურებსა და საზოგადოებას მომხდარი ფაქტის გამო.