ასეთი ფორმით აზრის გამოხატვა არაეთიკური და უხამსია-კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისიის განცხადება სამაუწყებლო კომპანია “რუსთავის-2”-ის გადაცემა “P.S”-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“მიგვაჩნია, რომ იმას, რაც 7 ივლისს “რუსთავი 2” ის ეთერით ვიხილეთ, არაფერი აქვს საერთო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან. ასეთი ფორმით და შინაარსით აზრის გამოხატვა არაეთიკური და უხამსია. სიძულვილის ენის შემცველი, ანტისახელმწიფოებრივი და ძალადობის მაპროვოცირებელი განცხადებები სერიოზული საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის.

ამასთან, ჟურნალისტის მიერ შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული განცხადებების გაკეთება ცდება საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ პროფესიულ ჩარჩოებს, რაც ზიანს აყენებს მთლიანად ქართულ მედიას და ახდენს ჩვენი ჟურნალისტების დისკრედიტაციას.

იმ ფონზე, როდესაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი მართლაც ფასდაუდებელი მონაპოვარია, მიუღებელი და დაუშვებელია, სწორედ გამოხატვის თავისუფლების სახელით ხდებოდეს მსგავსი ტიპის უხამსი და სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელი განცხადებების გაკეთება. კომუნიკაციების კომისია დარწმუნებულია, რომ მედია, ჟურნალისტები და მთლიანად საზოგადოება, ვისაც სწორედ ეთიკური, პროფესიული და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა მიაჩნია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტად, აქტიურად დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას და ადეკვატურ შეფასებას მისცემენ “რუსთავი 2”-ის ეთერში მომხდარ ფაქტს”-აღნიშნულია განცხადებაში.