ასეთი რამ რომც გაიფიქრო, როგორ უნდა თქვა საჯაროდ? თან ქალმა – ბესელია მაია ცქიტიშვილს პასუხობს

„ასეთი რამ რომც გაიფიქრო, როგორ უნდა თქვა საჯაროდ? თან ქალმა …. ეს იმაზე უარესია, რაც გვრიტიშვილმა იკადრა,“ – ამ სიტყვებით ეკა ბესელია სოციალურ ქსელში ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცეპრემიერის განცხადებას გამოეხმაურა.

საქმე ეხება მაია ცქიტიშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ეკა ბესელიას მხრიდან მისი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე საუბარი დამღლელია.

„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი მინისტრს აკრიტიკებს და ამბობს, რომ არ შეიკავებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების თემაზე საუბრისგან თავს. ბესელიას თქმით, სწორედ ეს მიზანი ამოძრავებდა იმ ადამიანს, ვინც ეს დაგეგმა.

„ეს კომენტარი რომ წავიკითხე თვალებს ვერ დავუჯერე… ვერც წავუყრუე და ვერც „გავატარე“

ემოციურად ვწერ ახლა, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა: ასეთი რამ რომც გაიფიქრო, როგორ უნდა თქვა საჯაროდ? თან ქალმა …. ეს იმაზე უარესია, რაც გვრიტიშვილმა იკადრა …

რას ნიშნავს ეს სიტყვები ქალ მაია? რისმა მოსმენამ დაგღალათ? ჟურნალისტი რომ კითხვას სვამს, რა ხდება ამ საქმეზე და მე რომ პასუხის გაცემა მიწევს? და რომ მიწევს ეს ვისი ბრალია?? და რას გაეცა პასუხი? რა გამოიძიეს? არ გაწუხებთ იმ მთავრობაში ყოფნა რომლის დროსაც ასეთი უკანონო ჩანაწერები ვრცელდება??

რას ელოდებით რომ ამ კითხვას როცა დამისვამენ გადავიმალო??? ზუსტად ეს მიზანი ქინდა ვინც ეს დაგეგმა !!! დღემდე ვინარჩუნებ ეთიკურობას და არ ვსაუბრობ ბევრ რამეზე და მართლა ფიქრობს ვინმე თქვენგან რომ სულ ესაა ყელაფერი???

აი ეს კომენტარი იყო ყველა კომენტარს შორის მდაბიო და სამარცხვინო ….

მართლა ვერ შევხვდი მშვიდად, რაც წავიკითხე ეს წუთია,“ – წერია ეკა ბესელიას გავრცელებულ პოსტში.

მაია ცქიტიშვილის განცხადება ეკა ბესელიას დღევანდელ სკანდალურ ინტერვიუს მოჰყვა, როდესაც დეპუტატმა არ გამორიცხა, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება, სავარაუდოდ, მოსამართლეთა კლანის წევრების და უმრავლესობის იმ დეპუტატებთან მიდის, ვისაც სასამართლო სისტემასთან მჭიდრო კავშირები აქვს.