“ეს სისულელე ავადმყოფ თავში თუ გაჩნდებოდა”- ვასილ მაღლაფერიძე ბაჩო ქაჯაიას სამსახურიდან გათავისუფლებაზე

გუშინ დღის ბოლოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, რომ  ბაჩო ქაჯაიამ პროტესტის ნიშნად  საქართველოს პირველი არხი დატოვა. გაათავისუფლეს ბაჩო ქაჯაია თუ თავისი ნებით დატოვა ტელევიზია ჯერ-ჯერობით უცნობია თუმცა საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი  კატეგორიულად უარყოფს იმ ფაქტს რომ ქაჯაია ანტიოკუპაციური მაისურის გამო გაათავისუფლეს.
„მართლაც, დღეს მთელი დღე სხვადასხვა ფორმით ვრცელდებოდა ეს სიბრიყვე, ბაჩო ქაჯაიამ რუსეთზე რომ ოკუპანტი თქვა, ამის გამო სამსახურიდან უშვებენო, ზოგი ვითომ ეშმაკობდა და შეკითხვას გვისვამდა, თუმცა, მიზანი იგივე ჰქონდა – ამ სისულელის გავრცელება. ამგვარი სისულელე მხოლოდ ისეთ ავადმყოფ თავში შეიძლება გაჩენილიყო, რომელმაც დღეს გაიგო, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომელსაც რუსეთთან არც ერთი ომი არ შეხებია, არ განუცდია და ჰგონია, რომ დიდი გმირობა სჭირდება რუსეთი ოკუპანტიას ძახილს.

ცხადია, რომ რუსეთი ოკუპანტია და ვინც ეს მხოლოდ დღეს გაიგო და ამით სპეკულირებს, ნაგავია! ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, არც საქართველოს პირველ არხზე საკუთარ თავს არავინ აკადრებს, რომ ბაჩოს ან საერთოდ ვინმეს უსაყვედუროს, რუსეთზე ოკუპანტი რატომ თქვიო. ერთი ორი შლეგი ყველგანაა და მათ სათვალავში ნუ მივიღებთ. მე მგონია, რომ არც ერთ ადამიანს, რომელიც საკუთარ გონიერებას ოდნავ მაინც პატივს სცემს, წესით ასეთი სულელები არ უნდა ვეგონოთ, თუმცა, ყველა საკუთარი სამრეკლოდან იყურება. რასაკვირველია, ჩნდება კითხვა, ვინ და რატომ ცდილობდა მთელი დღის განმავლობაში ამ უსინდისო ფეიკის აგორებას? ვინ და ის არაკეთილსინდისიერი სუბიექტები, რომლებიც შემთხვევას არ უშვებენ, რომ საქართველოს პირველი არხის დისკრეტიდაცია არ სცადონ.

გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ისინი არც ამ განმარტებას შეისმენენ და ხვალ და ზეგ მაინც იგივეს გაიმეორებენ, ამიტომ მათთვის საყვარელ და, როგორც ჩანს, ერთადერთ გასაგებ ენაზეც დავუმტკიცებ ამ ფეიკის მომგონებლებსაც და ამგორებლებსაც: მტყუნის ….. ……! წერტილების ადგილას ასოების ჩაწერა წესით არ უნდა გაუჭირდეს, ვისაც ეს ეხება“, – აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “ღამის შოუ პირველზე”  წამყვანმა ბაჩო ქაჯაიამ მხარდაჭერა გამოუცხადა საზოგადოების პროტესტს და დაგმო რუსი დეპუტატების ვიზიტი პარლამენტში. წამყვანის განცხადებით, შემოქმედებითი ჯგუფი ასევე გმობს 20 ივნისს აქციის დაშლის  ფორმას. ტელემიმართვისას, ბაჩო ქაჯაიას ანტისაოკუპაციო, მავრთულხლართებიანი მაისური ეცვა, რომელსაც “რუსეთი ოკუპანტია” ეწერა.