„ასეთია ქართული სტუმართმასპინძლობა“, – წერს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი და ბრიტანელ მოგზაურთან ერთად ფოტოს აქვეყნებს.
მისი თქმით, მოქალაქეებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მოგზაურ როვან ქემფბელს საჩუქრები აჩუქეს.
„ჩვენს ბრიტანელ სტუმარს – როვან ქემფბელს, ბევრი საჩუქარი გაუკეთეს ჩვენმა მოქალაქეებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. ველოსიპედი – Bikes.ge; ორი ღამე სასტუმროში “Best Western Gudauri” და ტრადიციული ქართული ვახშამი; 2 ღამე ჰოსტელში “Fabrika”, – წერს ქვრივიშვილი ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე.
სინგაპურიდან წამოსულ ბრიტანელ მოგზაურს ველოსიპედი თბილისში მოპარეს. მან გუშინ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ყვებოდა, რომ საქართველომდე მოსასვლელად ერთი წლის განმავლობაში 11 ქვეყანა და 7500 კილომეტრი გამოიარა, თუმცა მოგზაურობას ვერ აგრძელებდა, რადგან ჰოსტელთან ველოსიპედი მოპარეს.