შეერთებული შტატები არ აღიარებს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და არ ცნობს მათ შედეგებს – ამის შესახებ შეერთებული შტატები სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა.
მორგან ორტაგუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ვაშინგტონის პოზიცია უცვლელია და ეს რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.
მან კიდევ ერთხელ გამოხატა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. პრესსპიკერმა მამუკა ბახტაძის და მაიკ პომპეოს შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.
“სახელმწიფო მდივანი პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდება, რომელიც ამ კვირაში ვაშინგტონს ეწვევა. ამ შეხვედრის წინ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ შეერთებული შტატები არ აღიარებს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და არ ცნობს მათ შედეგებს. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია. ეს რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სახელმწიფო მდივანი ელოდება, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მთელი რიგი ორმხრივი საკითხები განხილვის შესაძლებლობას,”-განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა.