აშშ – “ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია”

დღეს დევნილთა მსოფლიო დღე აღინიშნება, ამასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო  განცხადებას ავრცელებს სადაც კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ. 

“დევნილთა მსოფლიო დღე ეძღვნება დევნილებსა და იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს, რომლებსაც ძალით დაატოვებინეს სახლი. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ, რომელიც დღემდე გრძელდება, ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე გამოაძევა იმ სოფლებიდან და ქალაქებიდან, რომელსაც დღემდე უწოდებენ სახლს. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას იძულებით გადაადგილებული ადამიანების მხარდასაჭერად, რათა დავეხმაროთ მათ იარების მოშუშებასა და ტკივილის შემსუბუქებაში.ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი რჩება!”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.