გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქართული ოცნება აქამდე ატყუებდა ევროკავშირსა და აშშ-ს ,რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის ფაქტორი ოპოზიცია იყო, თუმცა ახლა აშშ და ევროკავშირი თანხმდება, რომ დღეს დესტაბილიზაციის ფაქტორი საქართველოში არის პირადად ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება”.
,,ვეღარ ატყუებენ ვერც ერთ განვითარებული ქვეყნის წარმომადგენელს. ვეღარ მოატყუებენ, აქამდე ხომ ატყუებდნენ და უფრო მთავარიც, აქამდე ისინი „ყიდდნენ” ერთ რამეს, რომ ოპოზიცია იყო თითქოს დესტაბილიზაციის ფაქტორი ქვეყანაში. დღეს აშშ და ევროკავშირი თანხმდება ერთ რამეზე, რომ დღეს დესტაბილიზაციის ფაქტორი საქართველოში არის პირადად ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება”,- აცხადებს ,,ახალი საქართველოს” თავმჯდომარე.
ვაშაძე საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზეც საუბრობს და ამბობს, რომ ,,ქართული ოცნება” ქვეყანას ევროპული კურსიდან ვერ გადაახვევინებს, რადგან ეს ქართველი ხალხის არჩევანია.
„ქვეყანას საერთაშორისო იმიჯიც შეელახა, ინვესტიციებზე ეს ხომ უკვე ზეგავლენას ახდენს, ეკონომიკური ზრდის ტემპზე და ყველაფერზე ზეგავლენას ახდენს. მაგრამ მთავარ ფუნდამენტურ, ანუ ევროატლანტიკურ არჩევანზე ეს ზეგავლენას ვერ მოახდენს. ჩვენ რა, ახლა, მართლა გვგონია, რომ ვოლსკი, წულუკიანი ან ივანიშვილი გადაგვაფიქრებინებს საქართველოს ევროინტეგრაციას? გამორიცხულია, უბრალოდ, ახლა ამათ გადავყრით სანაგვეზე და გავაგრძელებთ აუცილებლად ევროატლანტიკურ კურსს. ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგმულა ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოში, არ არსებობს ინდექსი, ციფრი, რაშიც ბოლო 8 წელიწადში საქართველოს გაუმჯობესება აქვს. ევროატლანტიკური კურსი ქართველი ხალხის არჩევანია და „ქართული ოცნება” საფრთხეს ამას ვერ შეუქმნის”,- ამბობს გიორგი ვაშაძე.