“აშშ და ევროპა თურქეთის შიდა საქმეებში ერევიან”-ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა ჩვენ შიდა საქმეებში ერევიან. თურქეთმა დემოკრატიის მაგალითი მისცა მთელს მსოფლიოს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ გამართულ მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა თურქეთს, მიიღოს არჩევნების შედეგები. ევროკავშირმა კი მოუწოდა ანკარას, არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატებმა უფლებამოსილების განხორციელება შეძლონ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რობერტ პალადინომ განაცხადა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები აუცილებელია ნებისმიერი დემოკრატიისთვის.
შეგახსენებთ, რომ ერდოღანისთვის 31 მარტს გამართული არჩევნები არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, ქვეყნის დიდ ქალაქებში, მათ შორის ანკარასა და სტამბოლში ოპოზიციამ გაიმარჯვა.
დამკვირვებლების შეფასებით, ეკონომიკური პრობლემების გამო ერდოღანის პარტიის რეიტინგი დიდ ქალაქებში საგრძნობლად დაეცა.