აშშ-ერაყის ბაზებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ნავთობის ფასმა 5%-ით მოიმატა

ირანის მიერ ერაყში, აშშ-ერაყის სამხედრო ბაზებზე განხორციელებული თავდასხმები ეკონომიკაზე უკვე აისახა. ნავთობის ფასი 5 პროცენტით გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ბლუმბერგი ავრცელებს.

კერძოდ, ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe-ზე ერთი ბარელი Brent ტიპის ნავთობის ფასმა 5 პროცენტზე მეტით (3.48 დოლარით) მოიმატა და 71.75 დოლარი შეადგინა, ნიუ-იორკში კი – ერთი ბარელი West Texas Intermediate (WTI)-ის ნავთობის ფასი 4.7% პროცენტით (2.95), 65.65 დოლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება ოქროს ფასს,  1,600 აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი  ნიშნულია.

შეგახსენებთ, გუშინ ღამით, ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

ირანმა საკუთარი ტერიტორიიდან ერაყში მდებარე სამხედრო ბაზების მიმართულებით ათზე მეტი ბალისტიკური რაკეტა ისროლა.