აშშ–ში დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი კლინიკური ცდები. სიეტლში მდებარე Kaiser Permanente–ის ცენტრის მკვლევარებმა ექსპერიმენტული დოზის აცრა ოთხ მოხალისეს გაუკეთა. ვაქცინა შეიცავს უსაფრთხო გენეტიკურ კოდს, რომელიც ვირუსიდან არის აღებული და მას ადამიანის Covid19–ით დაინფიცირება არ შეუძლია.
ექსპერტების თქმით საჭირო იქნება რამდენიმე თვე იმის გასარკვევად, რამდენად ეფექტურია ეს და შემუშავების პროცესში მყოფი სხვა ვაქცინები.
პირველი ადამიანი, რომელსაც აცრა გაუკეთეს 43 წლის სიეტლის მცხოვრები, ჯენიფერ ქოლერი გახდა.
მეცნიერები მთელ მსოფლიოში ყურადღებით ადევნებენ თვალს ამ კვლევას.
კლინიკური კვლევები, რომელსაც ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტი აფინანსებს პირდაპირ ადამიანზე ტარდება და ცხოველებზე ტესტირების სტადია გამოტოვებულია.
თუმცა მწარმოებელი კომპანია Moderna Therapeutics აცხადებს, რომ პრეპარატი უკვე კარგად ცნობილი, შემოწმებული და წარმატებული პროცესის დახმარებით შეიქმნა.
ინფექციური დაავადების სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ვაქცინაში მართლაც უკვე არსებული ტექნოლოგიებია გამოყენებული, რომლებიც ადამიანებისთვის უსაფრთხოა. პრეპარატი უმაღლესი სტანდარტებით შეიქმნა და ამიტომ მისი ასეთი ტემპებით და ფორმით გამოცდა დასაშვებია, რადგან ადამიანისთვის საფრთხეს არ შეიცავს.
კორონავირუსის ვაქცინა ვირუსიდან დაკოპირებული გენეტიკური კოდის ნაწილს შეიცავს. მკვლევარებს იმედი აქვთ, რომ მისი დახმარებით მოახერხებენ ადამიანის იმუნური სისტემა ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მომართონ.
მოხალისეებმა ექსპერიმენტული ვაქცინის სხვადასხვა დოზა მიიღეს. ყოველ მათგანს ორ აცრას გაუკეთებენ 28 დღის შუალედით.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაქცინა წარმატებული აღმოჩნდება შეიძლება წელიწადნახევარი დასჭირდეს, სანამ საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდება.