აშშ-მ რუს პარლამენტარებს გაეროში გასამგზავრებლად ვიზა არ მისცა

რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს, რომლებიც ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ, შეერთებულმა შტატებმა ვიზა არ მისცა.

მათ შორის არის საგარეო საქმეთა საკითხებში ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე, კონსტანტინ კოსაჩევი, რომელსაც გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა უნდა მიეღო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ამბობს, რომ ამერიკული მხარე ტექნიკურ პრობლემასა და დოკუმენტების მიწოდების ვადებზე აპელირებს. ზახაროვა ამტკიცებს, რომ რუსულმა დელეგაციამ საელჩოს დოკუმენტები ვადებში მიაწოდა.

“ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გაეროს წევრების უპატივცემულობის აღმაშფოთებელი მაგალითი, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციის მასპინძელი ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა”, – წერს ზახაროვა ფეისბუქზე.

ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილეობას რუსეთის დელეგაციის კიდევ რამდენიმე წევრი ვერ მიიღებს. მიზეზად ამერიკული მხარე რუსული დელეგაციის მიერ დოკუმენტების დაგვიანებით წარდგენას ასახელებს, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს და ვაშინგტონს გაერთიანებული ერების უპატივცემულობაში ადანაშაულებს.