აშშ–ს შეიარაღებული ძალების კიბერმეთაურობამ რუსული “ინტერნეტ კვლევების სააგენტოს“ წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა. ეს სააგენტო “ტროლების ფაბრიკის“ სახელით არის ცნობილი და პეტერბურგშია განლაგებული. შეტევა 2018 წლის ნოემბერში, აშშ–ს შუალედური არჩევნების დროს განხორციელდა. გამოცემა Washington Post – ის ცნობით, შეტევის შედეგად სააგენტო ინტერნეტიდან გამოირთო.
სააგენტოს ამერიკულ განყოფილებასთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემას დაუდასტურა, რომ ამერიკის კიბერმეთაურობამ მართლაც მოახერხა ტროლების ფაბრიკის ერთ–ერთი განყოფილების მსოფლიო ქსელიდან გამორთვა.
წყაროს ინფორმაციით სპეცოპერაცია 5 ნოემრის საღამოს, აშშ–ს შუალედური არჩევნების წინა დღეს ჩატარდა და იმ სერვერების გამორთვა მოხდა, რომელთა საშუალებითაც ამერიკული განყოფილება მუშაობდა.
Washington Post – ის ცნობით, ეს აშშ–ს კიბერმეთაურობის პირველი ოპერაცია იყო, რომელმაც გასულ წელს ახალი უფლებამოსილება მიიღო, რათა რუსეთის მხიდან მოსალოდნელი კიბერსაფრთხეები აღკვეთოს.
მოგვიანებით ენ ბი სი–მ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ–ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირადად მოაწერა ხელი განკარგულებას კიბეროპერაციის ჩატარების შესახებ. ტელეკომპანიამ ამ ოპერაციას ყველაზე მკაცრი ნაბიჯი უწოდა მათ შორის, რაც ტრამპის ადმინისტრაციას ოდესმე გადაუდგამს აშშ–ს არჩევნებში რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ.
ტელეარხის წყაროების ცნობით ტროლების ფაბრიკამ გლობალურ ინტერნეტზე წვდომა არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე დაკარგა და რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ აღადგინა.
თავად აშშ–ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოში და კიბერმეთაურობაში ტროლების ფაბრიკის წინააღმდეგ ოპერაციაზე კომენტარს არ აკეთებენ. ჯგუფის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბიბისი–ს განუცხადა, რომ სამხედროები არ აკომენტარებენ დაგეგმილ და უკვე ჩატარებულ საიდუმლო ოპერაციებს კიბერსივრცეში.
ჯერჯერბით გაურკვეველია, მოჰყვება თუ არა ამერიკულ კიბეროპერაციას სერიოზული შედეგები. ინფორმირებული წყარო აშშ–ს შეიარაღებული ძალებიდან ამბობს, რომ ოპერაციის მიზანი შესაძლოა უბრალოდ რუსეთისთვის იმის ჩვენება იყო, რა შეუძლიათ ამერიკის კიბერდანაყოფებს საფრთხის შემთხვევაში.
რუსული მედია “ინტერნეტ კვლევების სააგენტოს“ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინს უკავშირებს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირია.
გასული წლის მარტში აშშ–ს ფინანსთა სამინისტრომ კომპანიის და პირადად პრიგოჟინის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. 2018 წელს ამერიკის კოლუმბიის ოლქის ფედერალური სასამართლოს ჟიურიმ ოფიციალურად დაადანაშაულა სააგენტო აშშ–ს 2016 წლის არჩევნებში ჩარევაში.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით კომპანიის თანამშრომლები სოცქსელებში აშშ–ს მოქალაქეების სახელით ყალბ ანგარიშებს ქმნიდნენ და იქ ათავსებდნენ დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის მადისკრედიტებელ ინფორმაციას.
პრიგოჟინის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მას ტროლების ფაბრიკასთან არაფერი აკავშირებს . გასული წლის ნოემბერში ბი ბი სი იტყობინებოდა, რომ ინსტაგრამის ადმინისტრაცია რუსული ტროლების ფაბრიკის ახალი ყალბი პროფილების დაბლოკვას შეეცადა, თუმცა მხოლოდ მათი მცირე ნაწილის დაბლოკვა შეძლო.