{{ARTICLEIMAGE}}
თავდაპირველად, ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების სია დაასახელა. საკუთარი მოვალეობის შესრულება კი გედევან ფოფხაძეს გადააბარა, რომელიც მანამდე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. საპარლამენტო უმრავლესობის ბოლო შეკრებაზე, რომელსაც ბესელია არ ესწრებოდა, გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს. ეკა ბესელია ლონდიდან დაბრუნების შემდეგ აცხადებდა, რომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიის საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის დავალება მან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისგან მიიღო. ბესელიას თქმით, ამ თემაზე არაერთხელ შედგა საუბარი მასსა და ირაკლი კობახიძეს შორის და მათ შორის – ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობითაც. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თვლის, რომ პოსტის დატოვებით მან მოსამართლეთა საკითხის შეჩერებას მიაღწია, ახლა კი პარლამენტიდან ამ საკითხის გაწვევას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ ბესელია მმართველი პარტიის ლიდერ ივანიშვილის პოზიციაზე საუბარს თავს არიდებდა და ამბობდა, რომ ის “ქართული ოცნების’ ლიდერის წინააღმდეგ არ წავიდოდა, თუმცა უკვე 10 იანვარს ივანიშვილმა ბესელიას საწინააღმდეგო პოზიცია გავრცელებულ განცხადებაში დააფიქსირა. “ოცნების” ლიდერის განცხადება გუნდის ნაწილის პოზიციებს დაემთხვა, ბესელიას კი ივანიშვილი გუნდურობის პრინციპის დარღვევაში ადანაშაულებს.










