აშშ–ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით ვაშინგტონი ნატოსთან ერთად ერთი კვირის შემდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს რუსეთის წინააღმდეგ. მისი თქმით სანქციები უკრაინაში რუსეთის აქტიურობასთან არის დაკავშირებული.
“იმედი მაქვს, მომავალ კვირას შევძლებ გამოვაცხადო რუსეთის მიმართ გასატარებელი ზომების ახალი სერიის შესახებ, რომელსაც ერთად მივიღებთ“ – განაცხადა პომპეომ აშშ–ს წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის მოსმენაზე. კომიტეტში სახელმწიფო მდივანმა კანონმდებლებს აშშ–ს საგარეოპოლიტიკური სტრატეგია წარუდგინა თეთრი სახლის მიერ შეთავაზებული 2020 წლის ბიუჯეტის პირობებში.
პომპეოს აქვს მოლოდინი, რომ აშშ პარტნიორებთან ერთად შეძლებს რუსეთისთვის ახალი სანქციების გამოცხადებას უკვე 3–4 აპრილისთვის, როცა ვაშინგტონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები შეიკრიბებიან.
სანქციების მიზანი პომპეოს თქმით ყირიმში, აზოვის ზღვაში და მთლიანად რეგიონში რუსეთის ქმედებებზე პასუხია. სახელმწიფო მდივანი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს ზუსტად რა ზომების გატარება იგეგმება რუსეთის წინააღმდეგ.
15 მარტს აშშ–მ, კანადამ და ევროკავშირმა უკვე მიიღეს ახალი შეზღუდვები რუსეთის წინააღმდეგ ქერჩის სრუტეში 2018 წლის ნოემბერში მომხდარი ინციდენტის გამო, როცა რუსეთმა უკრაინელი მეზღვაურები მძევლად აიყვანა, ასევე ყირიმის ანექსიის ხუთი წლისთავთან დაკავშირებით.
“უკრაინაში განგრძობადი რუსული აგრესიის“ საპასუხოდ ვაშინგტონმა სანქციების სიაში ექვსი ადამიანი დაამატა. მათი უმრავლესობა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები არიან. სანქციების ქვეშ მოექცა რვა კომპანიაც – აშშ–ში მათ ყირიმში მოქმედ თავდაცვით საწარმოებად თვლიან.
“რუსეთი ერევა არჩევნებში აქ, აშშ–ში. ის ცდილობს ჩაერიოს უკრაინის არჩევნებში“– განაცხადა კონგრესში გამართულ მოსმენაზე აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა. იანვრის ბოლოს უკრაინის არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობის შესახებ კიბერშეტევების გამოყენებით აშშ–ს ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელი, დენ კოუტსიც საუბრობდა.
“ჩვენ უკრაინას მნიშვნელოვნად ვეხმარებით. ჩვენ ვაწვდით უკრაინელ ხალხს თავდაცვის საშუალებებს, ვეხმარებით სადაზვერვო საქმიანობით“– განაცხადა პომპეომ და ხაზი გაუსვა, რომ აშშ უკრაინას სადაზვერვო მონაცემებს აწვდიდა იმ დროს, როდესაც ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორად მუშაობდა (2017-2018 წლები).
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება. პომპეოს განცხადებების მიხედვით რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გამოცხადდება.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებზე საურისას პომპეომ აღნიშნა, რომ “დემოკრატიის სრულად აღდგენისთვის“ უკრაინის მთავრობამ აუცილებლად უნდა განაგრძოს ანტიკორუფციული რეფორმები. პომპეომ ამავე დროს რუსეთი აშშ–ს არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა, თანაც არა მხოლოდ 2016 წლის არჩევნებში, არამედ 2012, 2008 და 2004 წლებშიც.