საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ბოლო პერიოდში, დასავლეთში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ დაპირება შეასრულოს.
საქართველომ ყურადღება საერთაშორისო პრესაშიც მიიქცია. გამოცემები, როგორიცაა “ვოლ სტრიტ ჯორნალი”, “ვაშინგტონ ეგზამინერი” და “ნეშნალ ინტერესტი” თეთრ სახლს ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლისკენ მოუწოდებენ.
საქართველოში შეერთებული შტატების ორი ელჩის კენეტ იალოვიცის და უილიამ კორტნის სტატია, “ნეშნალ ინტერესტში” ორი კვირის წინ გამოქვეყნდა. სტატიაში ყოფილი დიპლომატები ამბობენ, რომ დემოკრატია საქართველოში გამოწვევის წინაშეა.
„ხარვეზიანი საპრეზიდენტო არჩევნები, აქციის მონაწილეების წინააღდეგ ძალის გამოყენება და პოლიტიკური მანიპულაციები საიდუმლოებით მოცული მილიარდერის მიერ, რომელიც “ქართული ოცნების” პარტიას ხელმძღვანელობს, საზოგადოებაში ნდობას არღვევს და პროტესტს იწვევს“, – ნათქვამია სტატიაში.
საქართველოს მთავრობამ გზავნილი მიიღო შეერთებული შტატების სენატიდანაც, სადაც ცოტა ხნის წინ, საქართველოში ელჩად, კელი დეგნანი დაამტკიცეს.
სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯეიმს რიშმა, “ქართულ ოცნებას” მოუწოდა იპოვოს გამოსავალი შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან.
“მე ღრმად შეშფოთებული ვარ იმით, რასაც საქართველოდან სულ უფრო ხშირად ვიგებ – მმართველი პარტია ოპოზიციას ებრძვის ძალადობრივი თავდასხმებით, დაკავებებით და შევიწროების სხვა ფორმებით. საქართველო იდგა ნათელი, დემოკრატიული მომავლის გზაზე და მე ვშიშობ, რომ გასული თვეების მოვლენები ქვეყანას უკან ხევს. მე დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს მისი პირობა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე და ითანამშრომლოს ოპოზიციასთან იმისთვის, რომ იპოვოს შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გონივრული, მშვიდობიანი და სამართლიანი გამოსავალი”, – განაცხადა მან “ამერიკის ხმის” შეკითხვის პასუხად.
სენატის საგარეო კომიტეტის ეს განცხადება ვაშინგტონში “ქართული ოცნების” დელეგაციის ვიზიტს დაემთხვა. მთავრობის წარმომადგენლებმა შეხვედრები კონგრესში გამართეს. შეხვედრის შემდეგ, კონგრესმენებმა “ქართულ ოცნებას” კიდევ მოუწოდეს საარჩევნო რეფორმის დაპირება შეასრულოს.
„ვუყურებ ქართული ახალი ამბების ყველა ვერსიას, უფრო დიდ დროს ვუთმობ, ვიდრე ამერიკულ ახალ ამბებს… პასუხისმგებლობა ხელისუფლებაში მყოფ პარტიას აკისრია. ეს ამერიკაშიც და სხვაგანაც ასეა… ვფიქრობ, მხარეები უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იპოვონ პრობლემის გადაწყვეტის ყველასთვის მისაღები გზა. ის სიტუაცია, რომელიც დღეს საქართველოშია, კარგად არ დამთავრდება და ის მხოლოდ გაგრძელდება. ამიტომ ოპოზიციაც და მთავრობაც უნდა დაჯდეს მაგიდასთან და ერთად იპოვონ გამოსავალი”, – ამბობს ადამ კინზინგერი, კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე.
მას მისი დემოკრატი კოლეგა დევიდ პრაისი ეთანხმება.
„ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში პოლიტიკური მღელვარებაა. გვსურს, რომ ამ პროცესიდან საქართველო გამოვიდეს თავისუფალი, სამართლიანი და ყველასთვის მისაღები საარჩევნო სისტემით. გვესმის, რომ ამას ძალისხმევა სჭირდება”, – ამბობს კონგრესმენი პრაისი.
კონგრესის შეშფოთებას იზიარებენ ასევე აკადემიური წრეების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები,
„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მიღწეული კომპრომისის უკან წაღების გარშემო შეერთებულ შტატებში არსებობს შეშფოთება. ვფიქრობ, ბევრ ადამიანს გაუცრუვდა იმედი, როცა ეს კომპრომისი ჩაიშალა. ამის შედეგებს ახლა ვხედავთ საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური დაძაბულობის სახით. მე მოვუწოდებ ყველა მხარეს ამ კომპრომისის შესანარჩუნებლად სამომავლო გზაზე შეთანხმებას შეეცადოს, რათა საქართველოს დემოკრატიამ განაგრძოს განვითარება“, – ამბობს დეიმონ უილსონი, “ატლანტიკური საბჭოს” ვიცე-პრეზიდენტი.
“ატლანტიკური საბჭოს” კიდევ ერთი მკვლევარი, ლორა ლინდერმანი კი გერმანულ მოდელზე დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
„ვაშინგტონის გადმოსახედიდან, კენჭისყრა პარლამენტში, რომელმაც პროპორციულ სისტემას უარი უთხრა, ძალზედ სამწუხარო და დასანანი იყო. ვისურვებდი, რომ „გერმანული მოდელის“ საარჩევნო სისტემის გარშემო დიალოგი გაგრძელდეს და ეს იყოს უფრო კონსტრუქციული დიალოგი. ბევრი პარლამენტარი მზადაა საუბრისთვის, და წინ უნდა წავიდეთ“, – ამბობს ლინდერმანი.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ვაშინგტონში მკაცრი შეფასებები მოჰყვა, “ქართული ოცნების” და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილის მიერ, ამერიკული ორგანიზაციების “ენ-დი-აის” და “აი-არ-აის” კრიტიკა იყო.
ორგანიზაციების კრიტიკას გამოეხმაურა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენი ელიოტ ენგელი.
კონგრესმენმა აღნიშნა, რომ წარმომადგენელთა პალატა მხარს უჭერს ამ ორგანიზაციების საქმიანობას და რომ მათ დემოკრატიულ განვითარებაში, მსოფლიოს გარშემო შეაქვთ წვლილი. ენგელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ორგანიზაციები, როგორც მთავრობასთან ასევე ოპოზიციასთან თანამშრომლობენ.
„საქართველოში ჩვენ მთელს პოლიტიკურ სპექტრთან ვთანამშრომლობთ. მათ შორის, მმართველ პარტიასთან და ოპოზიციურ პარტიებთან… მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს საქართველოში, გააგრძელონ ისეთ ორგანიზაციებთან პარტნიორობა, როგორიც “ენ-დი-აი” და “აი-არ-აია”, რათა ხელი შეუწყონ ქართველი ხალხის სწრაფვას უფრო დემოკრატიული, სუვერენული და წარმატებული მომავლისკენ“, – აღნიშნა მან.
„ქართული ოცნების“ კრიტიკას უპასუხა ასევე IRI-ის პრეზიდენტმა დენიელ ტვაინინგმა, რომლის შეფასებითაც ამერიკულ ორგანიზაციებს თავს მხოლოდ ავტორიტარი მმართველები ესხმიან.
“მიკვირს, რომ ამ კონტექსტში საქართველოზეც ვსაუბრობთ. მსგავსი კამპანიები ძირითადად კრემლიდანაა წამოსული… საქართველო დემოკრატიაა. ქართველებს სურთ იყვნენ დასავლეთის ნაწილი, ამერიკის ახლო პარტნიორები… ისეთი ჯგუფები, როგორიცაა IRI, NDI, NED და სხვა, ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობის მხრიდან განტევების ვაცები ხდებიან… ავტორიტარული მთავრობები უცხოელებს ადანაშაულებენ საკუთარი მმართველობის პრობლემებში. ვერ წარმოვიდგენ იმას, რომ ეს შეიძლება საქართველოში მოხდეს“,- განაცხადა მან.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დასავლელი პარტნიორების შეშფოთების პასუხად ამბობს, რომ დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბარი არასწორია.
“მე ვფიქრობ, რომ უკუსვლაზე საუბარი არასწორია, თუნდაც იმიტომ რომ ძირითადად ეს მესიჯი უკავშირდება პროპორციულ საარჩევნო სისტემას… ეს არ არის უკუსვლა, უბრალოდ საკმარისად სწრაფად ვერ წავედით ჩვენ წინ, ასე შეიძლება დაერქვას ამ ყველაფერს. გრძელდება, კიდევ ერთხელ ვიტყვი, კონსულტაციები. გარწმუნებთ, რომ არავითარ შემთხვევაში დემოკრატიული განვითარების კუთხით უკუსვლა საქართველოში არ იქნება, იქნება მხოლოდ და მხოლოდ წინსვლა”, – განაცხადა მან “ამერიკის ხმასთან” საუბარში.
ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ მთავრობა და ოპოზიცია შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალზე შეთანხმდება.
წყარო: ამერიკის ხმა