აშშ–ს პრეზიდენტთა ცოლების საიდუმლო

17 იანვარს ამერიკის 44–ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მეუღლეს, მიშელ ობამას 56 წელი შეუსრულდა. თეთრ სახლში მან ქმართან ერთად რვა წელი გაატარა, თუმცა როგორც ჩანს ეს წლები მისთვის დიდი სიხარულის მომტანი არ ყოფილა. როგორც ამბობენ, პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვებისას მიშელმა სიხარულით წამოიძახა: “ძლივს თავისუფლები ვართ!“

ამერიკის ლიდერების მეუღლეთა ცხოვრება მართლაც არ არის ადვილი. „პირველი ლედი – ეს არის უხელფასო სახელმწიფო მოხელე, რომელიც ერთმა ადამიანმა აარჩია: მისმა ქმარმა“– ამბობდა აშშ–ს 36–ე პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი.

“ჯობდა სანტექნიკოსს გავყოლოდი ცოლად. საღამოს ჩაიზე სახლში მაინც იქნებოდა“
– ამბობდა ბეტ ფორდი, აშშ–ს 38–ე პრეზიდენტის, ჯერალდ ფორდის ცოლი.

პრეზიდენტების მეორე ნახევრებს ბევრი ცერემონიალური
ვალდებულების შესრულება უწევთ, იძულებულნი არიან
ქმრებს ყველა ვიზიტის დროს თან ახლდნენ, მათი
ცხოვრებით და სახელმწიფოს ინტერესებით იცხოვრონ.
ერთი შეხედვით ისინი თითქოს ქმრის დანამატები არიან,
თუმცა არცთუ იშვიათად ისინი ქმრებს ჩრდილავენ
კიდეც და მათზე არანაკლებ პოპულარულები არიან.
ბოლო წლებში კი ამერიკის ყოფილი ლიდერების
ორ მეღლეს გაუჩნდა მათი ქმრების მიერ
გამოთავისუფლებული სავარძლის  დაკავების შანსი.
მოდი, გავიხსენოთ აშშ–ს რამდენიმე ყველაზე
პოპულარული და ამბიციური პირველი ლედი.

მარტა ვაშინგტონი (აშშ–ს პირველი ლედი 1789–1797 წლებში)

მარტა დანდრიჯისთვის აშშ–ს მომავალი პრეზიდენტი მეორე ქმარი იყო (პირველი ქმარი მდიდარი პლანტატორი, დენიელ კასტისი გახლდათ).


დამოუკიდებლობისთვის ომის წლებში მისი “მოხუცი“, როგორც ჯორჯ ვაშინგტონი ცოლს ხუმრობით ეძახდა (მარტა ქმარზე 8 თვით იყო უფროსი) ქმარს ყველგან თან დაჰყვებოდა და მასთან ერთად გაატარა ველი–ფორჯის საშინელი ზამთარი, როცა კონტინენტურმა არმიამ ჯარისკაცების მეოთხედი შიმშილისა და ავადმყოფობის გამო დაკარგა. მისის ვაშინგტონი სხვა ქალებთან ერთად სამკერვალო სახელოსნოების ორგანიზებას ახერხებდა, სადაც ნახევრადშიშველ მებრძოლებს ტანსაცმელს უკერავდნენ.

მარტა საპრეზიდენტო არჩევნებში ქმრის მონაწილეობის წინააღმდეგი იყო. ის თვლიდა, რომ მისმა ოჯახმა ბევრი ბრძოლის გადატანის შემდეგ სიმშვიდე დაიმსახურა.

მას შემდეგ რაც ჯორჯ ვაშინგტონი პრეზიდენტად აირჩიეს მარტა პროტესტის ნიშნად ინაუგურაციასაც კი არ დაესწრო. თუმცა ამის შემდეგ უკვე კეთილსინდისიერად ასრულებდა სახელმწიფო მეთაურის ცოლის მოვალეობებს, საფუძველი ჩაუყარა ბევრ ტრადიციას, რომლებსაც პირველი ქალბატონები დღემდე იცავენ: მაგალითად აქტიურ ქველმოქმედებას.

თავის მდგომარეობას ის მოკლედ და იუმორით ასე ახასიათებდა: “მე ვარ სახელმწიფოს ტუსაღი“.


ელეონორა რუზველტი (1933-1945)


ელეონორა რუზველტი აშშ–ს პირველი ლედი ყველაზე დიდხანს – თორმეტი წლის მანძილზე იყო. ფრანკლინ რუზველტს ის ცოლად 1905 წელს გაყვა. მათ ერთად 40 წელი იცხოვრეს. მას შემდეგ, რაც 1921 წელს ქმარი პოლიომელიტით გახდა ავად და ინვალიდის სავარძელს მიეჯაჭვა, ელეონორამ ის დაარწმუნა, რომ პოლიტიკური კარიერა უნდა გაეგრძელებინა. 12 წლის შემდეგ ის აშშ–ს პრეზიდენტი გახდა.

ელეონორა ჟურნალისტის რანგში ამერიკის სოციალურ პრობლემებზე წერდა და მისი მეუღლის ახალი ეკონმიკური პოლიტიკის იდეების პროპაგანდას ეწეოდა. მეორე მსოფლიო ომში ამერიკის ჩართვის შემდეგ ელეონორა რუზველტი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და პირადად სტუმრობდა წყნარ ოკეანეში, ავსტრალიაში და დიდ ბრიტანეთში სამხედრო ნაწილებს, რომ ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთება აემაღლებინა.

მომავალ პირველ ქალბატონებს მან ხუმრობით ასეთი სახელმძღვანელო დაუტოვა:არასოდეს დაიგვიანო. ილაპარაკე რაც შეიძლება ცოტა. საპრეზიდენტო ავტომობილში არ დაგავიწყდეს უკან გადახრა, რომ ყველამ შეძლოს პრეზიდენტის დანახვა. არ მისცე თავს გასუქების უფლება – უკანა სავარძელზე სამს მოგიწევთ ჯდომა.“

ჟაკლინ კენედი (1961 – 1963)



“ერთადერთი, რასაც ამერიკიდან სახლში წამოვიღებდი მისის კენედია“ – ამბობდა აშშ–ს 35 –ე პრეზიდენტის ცოლზე საფრანგეთის პრეზიდენტი შარლ დე გოლი, რომელსაც ეს ქვეყანა არასოდეს უყვარდა.


ჯონ კენედი ყოველდღიური გაზეთის,
The Washington Times-Herald–ის ჟურნალისტმა 1952 წელს გაიცნო. ერთი წლის შემდეგ დაქორწინდნენ. თუმცა მათ ოჯახურ ცხოვრებას თან ახლდა ქმრის ხშირი ღალატი, ნაადრევად შეწყვეტილი ფეხმძიმობა და მკვდრადშობილი გოგონა. კენედის რომანები არც მაშინ შეწყვეტილა, როცა პრეზიდენტი გახდა.

ჟაკლინი მედგრად იტანდა ამ ყველაფერს და როცა პირველი ლედი გახდა, საკუთარ ენერგიას საინტერესო გასაქანი მოუძებნა – მან თეთრი სახლის ისტორიული ატმოსფეროს აღდგენა დაიწყო. ამ საქმეში მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები და ისტორიკოსები ჩართო, შემდეგ კი პირადად ატარებდა რეზიდენციაში სტუმრებისთვის ექსკურსიებს. მის დროს თეთრ სახში არაფორმალური შეხვედრებისა და კოქტეილ–საღამოების მოწყობა დაიწყეს, რომლებზეც მხატვრებს, მწერლებს, პოეტებს, მეცნიერებს და მუსიკოსებს ეპატიჟებოდნენ.



ქმართან ერთად ის ხშირად დაფრინავდა საზღვარგარეთ და მასპინძლის თვალში ქმარს ხშირად ჩრდილავდა კიდეც. საფრანგეთში აშშს პრეზიდენტის ვიზიტის გაშუქებისას ჟურნალი თაიმი წერდა, რომ პარიზში “ჩაფრინდა ჟაკლინ კენედი ქმრის თანხლებით.“


1963 წლის 22 ნოემბერს დალასში ჯეკი მანქანაში ქმრის გვერდით იჯდა, როცა სნაიპერის ტყვია კენედის თავში მოხვდა. ეჭირა მისი ხელი საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე. ჯონის სიკვდილის შემდეგ სისხლით დასვრილ კაბაში მან მიიღო ახალი პრეზიდენტის, ლინდონ ჯონსონის ფიცი, შემდეგ კი დაკრძალვის ცერემონიალი მოამზადა. დაუვიწყარი იყო ქმრის კუბოს წინ მიმავალი შავ კაბაში გამოწყობილი ჟაკლინი ორ შვილთან ერთად. როგორც The London Evening Standard წერდა, სწორედ მაშინ დაიბადა ახალი ამერიკა : “ჟაკლინ კენედიმ ამერიკელ ხალხს ერთი რამ მისცა, რაც მას ყოველთვის აკლდა – დიდებულება. “

ჰილარი კლინტონი – (1993–2001)


ქმრის პოლიტიკური კარიერის გარიჟრაჟზე, მათი ქორწინების სამი წლის თავზე, როცა ბილ კლინტონი არკანზასის გუბერნატორი გახდა ჰილარი მნიშვნელოვან სხდომებს ქმართან ერთად ესწრებოდა. მას შემდეგ, რაც პირველი ლედი გახდა არა მხოლოდ პოლიტიკაში მონაწილეობას განაგრძობდა, არამედ გლამურულ საყაროშიც აქტიურად ჩაერთო – იღებდა ფოტოებს მოდური ჟურნალებისთვის, აწყობდა მიღებებს ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის და მთლიანობაში შეესაბამებოდა კლინტონის, როგორც პრეზიდენტ–შოუმენის იმიჯს.


თუმცა თუ თავად ბილი ამერიკელების გაღიზიანებას ნაკლებად იწვევდა, მის ცოლზე იგივეს ვერ ვიტყვით. ჰილარის აკრიტიკებდნენ პოლიტიკაში ჩარევის გამო, გემოვნების და სტილის არქონის გამო, ადარებდნენ ხან ელეონორა რუზველტს, ხან ჟაკლინ კენედის , თანაც არა მისთვის სასარგებლო კონტექსტში.


როცა 1998 წელს მონიკა ლევინსკის სკანდალი დაიწყო, ამერიკელებმა სათანადოდ დააფასეს ჰილარის ღირსეული ქცევა, რომელსაც ქმრისთვის საჯარო სცენები არ მოუწყვია და მთლიანობაში ძალიან თავშეკავებულად იქცეოდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ისტორიის ფონზე მან საკმაოდ წარმატებულად დაიწყო საკუთარი პოლიტიკური კარიერის აწყობა: 2000 წელს პირველად ამერიკის ისტორიაში პირველი ლედი ქმრის პრეზიდენტობის პირობებში სენატორი გახდა.


2008 წელს პრეზიდენტად კენჭისყრა სცადა, თუმცა ობამასთან პრაიმერისი წააგო. 2009 წელს აშშ–ს სახელმწიფო მდივანი გახდა. 2016 წლის საბედისწერო არჩევნებზე კი გაპრეზიდენტება ვერ შეძლო, მიუხედავად კინოვარსკვლავების და მთელი ისტებლიშმენტის მხარდამჭერისა. მას არჩევნები დონალდ ტრამპმა მოუგო.

მოკლედ, შეიძლება ითქვას რომ ჰილარი კლინტონი ამერიკის ერთ–ერთი გამორჩეული პირველი ლედი იყო.

მიშელ ობამა – (2009–2017)



პუბლიცისტი დენ შაპირო დარწმუნებულია, რომ ჰოლივუდი ბოლო წლებში სპეციალურად იღებდა ფილმებს და სერიალებს პოლიტიკაში ძლიერი ქალების შესახებ, რათა ამერიკელები მიეჩვია იმ აზრისთვის, რომ ჰილარის გააპრეზიდენტება ნორმა იქნებოდა. კლინტონის ცოლი პრეზიდენტი ვერ გახდა, თუმცა სამომავლოდ ამ პოსტის დაკავება კიდევ ერთი პრეზიდენტის ცოლმა შეიძლება სცადოს.

ჰეშთეგი #Michelle2020 ამერიკის სოციალურ ქსელებში 2019 წლის დასაწყისში პოპულარული გახდა. ამერიკის პირველი აფროამერიკელი პრეზიდენტის მეუღლე, მიშელ ობამა ბევრს პრეზიდენტის პოსტზე იდეალურ კანდიდატად ეჩვენებოდა. თუმცა თავად მიშელი ამ შესაძლებლობას კატეგორიულად უარყოფდა. ბევრი დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ მას ბევრი სხვა პირველი ლედისგან განსხვავებით საკუთარი სტატუსი აშკარად ამძიმებდა და ნებისმიერი ღონისძიების იგნორირებას ახდენდა, თუ მათში მონაწილეობა მისთვის სავალდებულო არ იყო.

“მიშელს არ უყვარს პოლიტიკა. მას უფრო მშვიდი ცხოვრება ურჩევნია“
– ამას ამბობდა ბარაკ ობამა საკუთარი ცოლის შესახებ.