ამერიკის საელჩო საქართველოში საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს:
“აშშ-ის საელჩო მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი, ცნობილი ქართველი ექიმი და საქართველოს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა ასოციაციის პრეზიდენტი, რომელსაც 15 ნოემბერს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ამასთანავე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ გადასაკვეთი პუნქტების ჩაკეტვა. ჩვენ ხაზგასმით ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა და საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გაუქმება.“– ნათქვამია განცხადებაში
ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა.
“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით, საზღვრის უკანონო კვეთაის ბრალდებით დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.