“ასი ათასობით ადამიანი დაიკავებს თბილისის ქუჩებს, რათა გეიაღლუმი არ ჩატარდეს”– ამის შესახებ „ქართული მარშის“ წარმომადგენელმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.
“ქართული მარში” ფართომასშტაბიან აქციებს 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს აანონსებს.
სანდრო ბრეგაძის თქმით, მას და მის თანამოაზრეებს აქვთ კონკრეტული გეგმა, რათა გეიაღლუმი თბილისში არ გაიმართოს.
„რაც არ უნდა მოხდეს და რა პროცესებიც არ უნდა განვითარდეს, ჩვენს ქვეყანაში გეიაღლუმი არ ჩატარდება.ჩვენ უახლოეს დღეებში ველოდებით საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებას და მიმართვას გეიაღლუმთან დაკავშირებით. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საპატრიარქოს პოზიცია იქნება მკაფიო და რადიკალური.
ჩვენ უკვე გვაქვს მობილიზაცია, რათა გეიაღლუმი არ ჩატარდეს. არ იქნება არანაირი ძალადობა. ჩვენი გეგმის მიხედვით, ასი ათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში, დაიკავებს თბილისის ქუჩებს და არ მისცემს ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომებიც აღლუმს უწევენ ორგანიზებას ჩაატარონ ღონისძიება“, – განაცხადა “ქართული მარშის” წარმომადგენელმა.