აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ასლან აბაშიძე 81 წლის ასაკში ოფიციალურად მეორედ დაქორწინდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ ლიდერს მასთან ოთხი წლის წინ ვაჟიც შეეძინა.
აჭარის ყოფილი ლიდერის რჩეული მისი მზარეული ანაიდა ოვაკუმიანია. ისინი მცირეწლოვან შვილთან ერთად ამჟამად მოსკოვში ცხოვრობენ.
ანაიდა ოვაკუმიანი აბაშიძეების ოჯახში მზარეულად ჯერ კიდევ ბათუმში მუშაობდა. ასლან აბაშიძის პირველი მეუღლის, მაგული გოგიტიძის გარდაცვალების შემდეგ აბაშიძესთან ერთად ის მოსკოვში გაემგზავრა.
ასლან აბაშიძე ამჟამად 81 წლისაა. პირველი ქორწინებიდან მას ორი შვილი გიორგი და დიანა ჰყავს.
გიორგი აბაშიძე ამჟამად მეუღლე და 2 შვილთან ერთად ბათუმში ცხოვრობს.
2005 წლის დეკემბერში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ასლან აბაშიძის წინააღმდეგ და იგი ძებნაში გამოაცხადა.
მას ტერორიზმში და კორუფციაში დასდეს ბრალი. 2006 წლის მარტში ასლან აბაშიძის წინააღმდეგ კიდევ ერთი ბრალდება წამოაყენეს — ამჯერად მისი ყოფილი მოადგილის ნოდარ იმნაძის განზრახ მკვლელობის (1991 წ.) მუხლით.
2007 წლის 22 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასლან აბაშიძეს დაუსწრებლად მიუსაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით 60 მილიონი დოლარის გადახდა.